„ბიზნესპარტნიორის“ ექსკლუზიური ინტერვიუ კელი დეგნანთან - ქართველებს საოცარი გამონათქვამი გაქვთ, „ძალა ერთობაშია“, ნამდვილად ერთიანობაშია სიძლიერე

საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთად მოვახერხეთ ბევრი კარგი რამის გაკეთება გასულ წელს, რითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

„ნამდვილად გამოწვევებით სავსე წელი იყო, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ერთმანეთს ნამდვილად ვჭირდებით. ნებისმიერ ქვეყანას გაუჭირდება, მარტო გაუმკლავდეს ისეთ პრობლემას, როგორიც პანდემიაა. ვფიქრობ, ქართველებს საოცარი გამონათქვამი გაქვთ  – „ძალა ერთობაშია“, ნამდვილად ერთიანობაშია სიძლიერე. კოვიდპანდემიამ კიდევ ერთხელ მიგვახვედრა, თუ რამდენად გვჭირდება ყველას მეგობრები. ბევრი მიმართულებით დავინახეთ, რომ ადამიანები ერთმანეთს დაუდგნენ გვერდში სირთულეების დროს. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთად მოვახერხეთ ბევრი კარგი რამის გაკეთება გასულ წელს, რითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, ამერიკის მთავრობისთვის საქართველოში ყოფნის მიზანია, საქართველო გახდეს წარმატებული ქვეყანა.

„გაწეული შრომა და ენერგია მოხმარდეს ძლიერი, სტაბილური დემოკრატიის მშენებლობას, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ყველა პროგრამა. უპირველესი და მთავარია, რომ ურყევ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა თავისი არჩევანი ევროპასთან ინტეგრაციისა და ნატო-ს წევრობისკენ. ამერიკის მთავრობა ყოველთვის იქნება ქართველი ხალხის ძლიერი მხარდამჭერი, ვიდრე ეს არჩევანი არსებობს. ჩვენ ლობირებას უწევთ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ასევე ვეხმარებით ქვეყანას, რათა მიაღწიოს ნატო-ს მაღალ სტანდარტებს, ვეხმარებით ევროპასთან ჰარმონიზაციის პროცესში.

თქვენ იცით, რომ ნატო გახლავთ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, ამიტომ აუცილებელი საქართველოს სამხედრო სტანდარტების კუთხით მუშაობა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას ნატო-სთან.

იცით, რომ თითქმის 20 წელია, ვმუშაობთ საქართველოს სამხედრო ძალებთან გადამზადების და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში. პროგრესი ნამდვილად სახეზეა საქართველოს თავდაცვის სისტემაში, ისინი წლებია, აქტიურად მუშაობენ ტრენინგ პროგრამების დახმარებით ამერიკის მთავრობასთან და ნატო-სთან ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, ატარებენ წვრთნებს არამარტო ადგილობრივი თავდაცვის ძალებისთვის, არამედ ორგანიზებას უწევენ მრავალეროვნული სწავლების პროგრამების ჩატარებას, როგორიც არის მაგალითად პროგრამა „ღირსეული პარტნიორი“ და „მტკიცე სული“. ეს მასშტაბური პროექტებია, რომლებსაც საქართველოს თავდაცვის ძალები უკვე თავად მართავენ ძალიან ეფექტურად და ამით კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებენ თავდაცვის სისტემის გაძლიერების პირობის შესრულებას“, – განაცხადა დეგნანმა.

მისივე თქმით, მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ყველა ერს აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს თავისი ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების მოწყობის მოდელი.

„საქართველომ უკვე გააკეთა ეს არჩევანი, რაც გახლავთ ნატო-ს წევრობისკენ სწრაფვა. ჩვენც 20 წელია, ვეხმარებით ქვეყანას, მიაღწიოს სამხედრო და პოლიტიკურ მაღალ სტანდარტს, გაძლიერდეს დემოკრატია, აღსრულდეს კანონის უზენაესობა, გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. ნატო-ს წევრმა ქვეყანებმაც გაიარეს ეს პროცესი და ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ საქართველოსაც, რომ მიაღწიოს ყველა ამ საჭირო სტანდარტს.

საქართველომ და ამერიკამ ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში არაერთი ეტაპი გაიარეს, სულ ახლახან დავასრულეთ ერთობლივი „თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“. ამას წინათ დავესწარი  თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ძალიან საინტერესო ბრიფინგს, სადაც მათ წარმოადგინეს დასრულებული პროექტების შეფასება და ისაუბრეს შთამბეჭდავ პროგრესზე და ასევე აქტუალურ საჭიროებებზე მომავალში.

ახლა გადავდივართ კიდევ ახალ ეტაპზე – ეს გახლავთ „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სტრუქტურის მოდერნიზაციას, რათა ის თანხვედრაში იყოს ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების სტრუქტურებთან. ეს საკმაოდ მასშტაბური პროექტია და მჯერა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები და სამინისტრო ერთიანი ძალებით შეძლებენ ძალიან შთამბეჭდავი შედეგის მიღწევას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დატოვე კომენტარი