ბიზნესომბუდსმენის აპარატმა საქართველოში მოქმედ ორ ბიზნესგაერთიანებასთან თანთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა
ბიზნესომბუდსმენის აპარატმა საქართველოში მოქმედ ორ ბიზნესგაერთიანებასთან თანთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან და საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორნადუმების გაფორმების მიზანი მხარეებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოში აღნიშნული ასოციაციების წევრი კომპანიების ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობაა.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, მემორანდუმი წარმოადგენს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მექანიზმს ბიზნესსაქმიანობის პროცესში გაერთიანების წევრი კომპანიების მოთხოვნების იდენტიფიცირებისა და მათი ეფექტურად გადაჭრის მიზნით. ამასთან, მემორანდუმის მიხედვით, მხარეები საქართველოში ბიზნესის წარმოების გაუმჯობესების მიმართულებით ითანამშრომლებენ და ბიზნესგარემოს გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ რეგულარულად  გაცვლიან ინფორმაციას.

„დღეს გავაფორმეთ მემორანდუმები საქართველოში მოქმედ კიდევ ორ  ბიზნეს გაერთიანებასთან – საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან და საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაციასთან, ამით ოფიციალური სახე მივეცით ჩვენ თანამშრომლობას. გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში პერიოდულობით გვექნება შეხვედრები, რომლის დროსაც იდენტიფიცირდება ყველა ის აქტუალური საკითხი, რომელიც  აღნიშნული გაერთიანებების წევრ კომპანიებს საქართველოში ბიზნესისწარმოების პროცესში აწუხებთ. აპარატი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულად ჩაერთვება მათ მხარდასაჭერად. მსგავსი თანამშრომლობის ფორმატები ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური კომპანიების საქმიანობის ხელშესაწყობად საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მემორანდუმების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ირაკლი ლექვინაძე გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების, საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის, საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაციის და პოლონურ–ქართული სავაჭრო და სამრეწველო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მან შეხვედრის მოანაწილეებს  ბიზნესომბუდსმენის ოფისის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუმრებმა მათთვის აქტუალური საკითხების შესახებ დასვეს კითხვები.