ბიზნესომბუდსმენი - სასამართლო გადაწყვეტილებების დროული და ეფექტიანი აღსრულება ჯანსაღი ბიზნესგარემოს განვითარების აუცილებელი წინაპირობაა
ბიზნესომბუდსმენი - სასამართლო გადაწყვეტილებების დროული და ეფექტიანი აღსრულება ჯანსაღი ბიზნესგარემოს განვითარების აუცილებელი წინაპირობაა

2019 წლის  პირველ კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარატში 89 საქმე დარეგისტრირდა,  მიმართვიანობის 40 პროცენტი წარმოებასა და საცალო და საბითუმო ვაჭრობების სფეროებში დასაქმებული კომპანიების მხრიდან ფიქსირდება, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2019 წლის პირველი კვარტლის საქმიანობის სტატისტიკაშია აღნიშნული.

ამასთან, ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში  მიმართვიანობის მიხედვით ყველაზე აქტიური თბილისია – 50 განცხადება, შემდეგ მოდის აჭარა – 14 განცხადებით.

„მეწარმეების მომართვის საფუძველზე 2019 წლის  პირველ კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასაჭერად 29 შუამდგომლობა, 17 რეკომენდაცია და 11 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. მათ შორის 30 მიმდინარეა, დადებითად გადაწყვეტილია – 20, ნაწილობრივ დადებითად გადაწყვეტილი – ერთი და უარყოფითად გადაწყვეტილი – ოთხი“, – ნათქვამია ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების განმარტებით, გაგზავნილ შუამდგომლობებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივ დასკვნებს შორისაა ნედლი ნავთობის შენახვაზე დანაკარგის ნორმის განსაზღვრასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ სრულად იქნა გათვალისწინებული და შედეგად, „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ნედლი ნავთობის შენახვაზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ნორმად დაწესდა 0.077 (დანაკარგი წონიდან %-ში).

ასევე, შუამდგომლობებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივ დასკვნებს შორის არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების მიმართ ჯარიმების დაკისრებისა და აღსრულების წესის ცვლილების შესახებ ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული. შედეგად.

„სამი თვის (ნოემბერი 2018-იანვარი 2019) ვადით გამოცხადდა მორატორიუმი სამედიცინო დაწესებულებებისთვის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაკავების გზით აღსრულებაზე, განხორციელდა კლინიკებისთვის არსებული დავალიანების მნიშვნელოვანი ნაწილის ამნისტირება (2/3). ამნისტიის შესრულების შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავდა დარჩენილი თანხის გადახდის/ადმინისტრირების მოქნილი მექანიზმი და თანხის დაკავების პროპორციები 20% და 50%, მნიშვნელოვნად – 5% და 10%-მდე შემცირდა. ამასთან, თანხა რომელზეც გაფორმდება გრაფიკი არ ჩაითვლება აღიარებულ დავალიანებად და კლინიკებს რჩებათ დავის დაწყების/გაგრძელების პერსპექტივა“, – აცხადებს ბიზნესომბუდსმენის აპარატი.

გარდა ამისა, რეკომენდაციებს შორის იყო სალიზინგო და არასაბანკო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირების ახალ წესებთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნაწილობრივ გაითვალისწინა.

ასევე, საქართველოს პარლამენტში გაგზავნილია ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა ტრანზიტული საქონლის დაბეგვრის წესთან დაკავშირებით და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესახებ. ასევე, საქართველოს მთავრობაში გაგზავნილია სამართლებრივი დასკვნა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე.

ბიზნესომბუდსმენის აპარატი აგრძელებს მუშაობას ახალი საბანკო რეგულაციების შერბილების მიმართულებით“, – ნათქვამია ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ განრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე,  2019 წლის  პირველ კვარტალში ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობით ადმინისტრაციულმა ორგანომ 10 მეწარმის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება და 90 პროცენტში ბიზნესომბუდსმენის პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინა

ამასთან, 2019 წლის  პირველ კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მიმართვიანობის ანალიზის მიხედვით ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით გამოიკვეთა ახალი კრიტიკული საკითხები, მათ შორის არის მუნიციპალიტეტების და სხვადასხვა აღმასრულებელი უწყებების მხრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულების გაჭიანურება.

„მიგვაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების დროული და ეფექტური აღსრულება წარმოადგენს ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემოს განვითარების აუცილებელ წინაპირობას, რომელიც ამავდროულად ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ნდობის ამაღლებას აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიმართ“, – აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.

ასევე კრიტიკულ საკითხებს შორის მოხვდა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან საერთო სასამართლოების მიერ ერთი სუბიექტთან მიმართებაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების პრაქტიკაში გავრცელება. ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირდაპირ უგულებელყოფს სასამართლოს მიდგომას და პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით, რაც საგადასახადო ორგანოებისთვის იმთავითვე უპერსპექტივოს ხდის ამ საკითხზე დავის წარმოებას სასამართლოში და იწვევს მეწარმე სუბიექტების დროისა და ფულადი რესურსების დაუსაბუთებელ ხარჯვას.

გამოკვეთილ კრიტიკულ საკითხებს შორისაა თბილისის ახალი გენერალური გეგმით განსაზღვრული ზონირების ფარგლებში მიწის მესაკუთრეების უფლებების შეზღუდვის შემთხვევები.

„მიგვაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიწის მესაკუთრეებისათვის განხილული და შეთავაზებული იქნას პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის გამოყენებით, რათა არ შეილახოს მათი სამეწარმეო ინტერესები და შეუფერხებლად მოახერხონ ბიზნეს საქმიანობის გაგრძელება“, – ნათქვამია ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ იმფორმაციაში.

ასევე აპარატი აღნიშნავს, რომ კრიტიკულ საკითხად რჩება სხვადასხვა ბიზნეს სექტორებისთვის, მათ შორის სამშენებლო და საცალო ვაჭრობის სფეროებში დასაქმებული კომპანიებისთვის, საბანკო რეგულაციების გავლენა. ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია რეგულაციის გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებთან და მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მათი შერბილება, რადგან ამან დრამატული გავლენა არ მოახდინოს მათ ბიზნეს აქტივობაზე.

„მნიშვნელოვანია თამბაქოს იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების საქმიანობაზე თამბქოს კონტროლის შესახებ მიღებული ახალი რეგულაციების გავლენა, კომპანიების შეფასებით, მათი ბიზნეს აქტივობა და რეალიზაციის მაჩვენებელი 30-40 პროცენტით არის შემცირებული.

მნიშვნელოვან გამოწვევად მიგვაჩნია სხვადასხვა უწყებებში თუ მუნიციპალიტეტებში გართულებული ბიუროკრატიული პროცესი საშუალო რგოლის მენეჯმენტში, რაც მოუქნელს ხდის ბიზნესთან კომუნიკაციას. ამასთან, პრობლემად რჩება პასუხგაუცემელი და დაგვიანებული პასუხები სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე“, – აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.

ამასთან, აპარატის შეფასებით, მნიშვნელოვანი შედეგია, რომ  ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად იქნება წარმოდგენილი ანტიკორუფციული სტრატეგიის ბიზნესის კეთილსინდისიერების პროგრამის განხორციელების მიმართულებით, რომელიც მხარდაჭერილია განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური გაერთიანების (OECD) ორგანიზაციის მიერ.