ბიზნესომბუდსმენი - მზად ვარ, შევხვდე „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელობას და მიმდინარე პროცესებზე მეტი ინფორმაცია მივიღო
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ მზად არის შეხვდეს „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელობას და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პირადად მოისმინოს იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე პრესაშია გავრცელებული.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ეროვნული ბანკის გადაწყევტილება გასაჩივრებულია სასამართლოში, ამიტომ ის სასმართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებს დაელოდება.
ლექვინაძე პოლიტიკურ შეფასებებს ემიჯნება და აცხადებს, რომ პროცესები პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა წარიმართოს.
„ვერაფერს გეტყვით პოლიტიკურ ინტერესებზე, მე ამას ვუყურებ, როგორც ჩვეულებრივ პროცესს. უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. სხვა ყველაფერი მიმაჩნია აბსოლუტურ პოლიტიკურ სპეკულაციად, თუ არ იქნება მეტი ინფორმაცია, ვიდრე დღეს არსებობს. რაც უფრო ნაკლები ინტერპრეტაცია და პოლიტიკური სპეკულაცია იქნება, საფინანსო ისნტიტუტისთვის უკეთესი იქნება”,- აცხადებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.