ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი რეგულაციის შემოღებამდე ბიზნესთან აქტიური კონსულტაციები უნდა წარიმართოს
ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი რეგულაციის შემოღებამდე ბიზნესთან აქტიური კონსულტაციები უნდა წარიმართოს

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ნებისმიერი ახალი რეგულაციის შემოღებამდე ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია.

მისი თქმით, რეგულაციები არის გარკვეული ტვირთი ბიზნესისთვის და გამოწვევა.

როგორც ბიზნესომბუდსმენმა აღნიშნა, არის წარმატებული შემთხვევები, როდესაც აღნიშნულ საკითხებზე კომუნიკაცია მაღალი ხარისხით მიმდინარეობს, თუმცა ხშირია შემთხვევა, როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების გარკვეულ უწყებებში, როცა მყისიერად ხდება გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება და ბიზნესები დგებიან ფაქტის წინაშე.

„ნებისმიერ საკითხი, რომელიც უკავშირდება ბიზნესისთვის გარკვეული ახალი ნიუანსების თუ ახალი საკითხების შემოტანას და გავლენას ახდენს მათ ოპერირებაზე, მნიშვნელოვანია წინასწარ იყოს გავლილი ბიზნესთან. ჩვენი ოფისი მაქსიმალურად ცდილობს, თუ სხვადასხვა უწყებიდან შემოგვდის კანონპროექტები, რეგლამენტები თუ სხვადასხვა ტიპის რეგულაციები, მომენტალურად განახორციელოს კომუნიკაცია ბიზნესთან. მათ ვუგზავნით ჩვენ ხელთარსებულ დოკუმენტაციას. ვიღებთ შენიშვნებს და ამის შემდეგ ვაყალიბებთ საბოლოო პოზიციას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისი თქმით, ბიზნესომბუდსმენის მთავარი რეკომენდაციაა, ნებისმიერ დაგეგმილ რეგულაციაზე აუცილებელია, არსებობდეს გონივრული ვადა კონსულტაციებისთვის და გონივრული ვადა იმპლემენტაციისთვის.