ბიზნესომბუდსმენი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე - პროცესი უნდა იყოს პოლიტიკისგან დაცლილი
ბიზნესომბუდსმენი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე - პროცესი უნდა იყოს პოლიტიკისგან დაცლილი

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ფიქრობს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე პოლიტიკისგან მაქსიმალურად დაცლილი უნდა იყოს.

მისი თქმით, საქმე, რომელზეც დღეს პროკურატურაში განცხადება გაკეთდა სასამართლოში გაგრძელდება, სადაც ყველა მხარეს ექნება საშუალება საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

„სამართლებრივი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, უკვე დიდი ხანია, დაწყებულია. პროკურატურის ეს განცხადება გაგრძელდება შემდეგ სასამართლოში და სასამართლოში ექნება ყველას საშუალება დააფიქსიროს საკუთარი პოზიციები. ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ პროცესი უნდა იყოს პოლიტიკისგან დაცლილი. რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ გარკვეული ბიზნესმენების მიმართ გარკვეულ საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც ეს ბიზნესმენები მონაწილეობენ, ბუნებრივია, გარკვეული გავლენა ამ საქმესთან დაკავშირებით აღნიშნულ პროცესს ექნება. მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ არსებობს კითხვები გარკვეული სამართალდამცავი უწყებების მხრიდან, აუცილებლად უნდა დაისვას, პასუხები იქნეს გაცემული და ამ თემებთან დაკავშირებით გარკვეული შედეგი მოკლე ვადაში უნდა დადგეს”, – აღნიშნა ლექვინაძემ.

ამასთან, ბიზნესომბუდსმენის თქმით, ანაკლიის პორტის მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან დეკლარირებულია და მთავრობამ კვლავაც შეუფერხებლად უნდა გააგრძელოს ანაკლიის პორტის მხარდაჭერა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით“.