ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე პოლონეთის ქალაქ კრინიცაში, რიგით 28-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, პანელზე – „ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანამშრომლობა  „აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით“ ირაკლი ლექვინაძემ პოზიტიური დინამიკის შესახებ ისაუბრა, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედების შემდეგ საქართველოში ფიქსირდება.

„ბოლო წლების დინამიკა ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით ადასტურებს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს უაღრესად პოზიტიური გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაზე და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე,. ჩვენი მოლოდინია, რომ უახლოეს წლებში ეს ციფრები კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

ირაკლი ლექვინაძემ ფორუმში მონაწილე დელეგატებს ქვეყნის ბიზნეს გარემოს შესახებაც  მიაწოდა ინფორმაცია.

„საქართველო არის ძალიან კარგი პლატფორმა სავაჭრო ურთიერთობების განხორციელებისთვის სხვადასხვა ქვეყნებთან. რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, როგორც ევროპასთან, ასევე ჩინეთთან. საქართველოში არის დაბალი გადასახადები, მინიმალური ბიუროკრატია და კორუფციის დაბალი ხარისხი” ,- აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა.

ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნიდან 4000-ზე მეტი დელეგატი ესწრება და მასში  აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები და მაღალი დონის დელეგაციები მონაწილეობენ.

კრინიცაში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად იმართება და ევროპასა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის მაღალი დონის დიალოგის პლატფორმას წარმოადგენს.