ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი - მიბარებენ ფინანსურ პოლიციაში და მეუბნებიან, რომ საეთერო დრო უნდა ვუყიდო გიორგი თარგამაძის პარტია „ქრისტიან-დემოკრატებს“, ეს დავალება მოვიდა დავით კირკიტაძის ძმისგან
საქართველოს პარლამენტში, სადაც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა მიმდინარეობს, ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილს უსმენენ.
სხდომაზე განიხილება ქონებრივი უფლებების ხელყოფისა და 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
როგორც ვალერი შოშიაშვილმა სხდომაზე კომისიის წევრებს განუცხადა, 2005 წლიდან საოჯახო ბიზნესში იყო ჩართული და 2006 წელს დავით კირკიტაძის ძმამ, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანმა, ირაკლი კირკიტაძემ განუცხადა, რომ საბაჟოზე შემოტანილ თითოეულ კონტეინერზე მუდმივად უნდა გადაეხადა 1 500 დოლარი და ეს თანხა ვანო მერაბიშვილთან მიდიოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიჭერდნენ და ბიზნესში ჩართულ ოჯახის წევრებზე განსაკუთრებული ზეწოლა განხორციელდებოდა.
„საოჯახო ბიზნესში ჩართვის მომენტიდან დაიწყო ის, რომ აშკარა გახდა, რა შეუძლებელი იყო ჩვენს ქვეყანაში ნამდვილი ბიზნესის წარმოება. 2006 წელს, როდესაც შემოვიდა იმპორტი და კონტეინერები, საბაჟოზე მოხდა გაურკვეველი სიტუაცია – მაშინდელმა ხელისუფლებამ მოითხოვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც უნდა ჰქონოდა თითოეულ კონტეინერს. არაფერი საბუთი არ არსებობდა იმაზე, რა დასკვნა უნდა ყოფილიყო. მაშინ გაჩერდა საბაჟოზე, ჯამში იყო 100-150 კონტეინერი. იმპორტიორებმა გავაპროტესტეთ საბაჟოს ტერიტორიაზე. ამ დროს მიბარებენ ფინანსურ პოლიციაში, სადაც მეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერცერთი კონტეინერი ვერ გავა კი არა, ამასთან ერთად იქნება უკვე დაჭერაც და იმ ოჯახის წევრებზე, რომლებიც ჩართული ვართ ბიზნესში, იქნებოდა განსაკუთრებული ზეწოლა“, – აღნიშნა შოშიაშვილმა.
ვალერი შოშიაშვილის განცხადებით, 2008 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე, ფინანსურ პოლიციაში ისევ დაიბარეს და დაავალეს, შემოწირულების სახით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ 100 ათასი ლარი ჩაერიცხა, რისთვისაც მას საბანკო სესხის აღება მოუწია.
„ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, სესხი ავიღე და შემოწირულობის სახით გადავრიცხე „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე. სესხი ავიღე „პროკრედიტ ბანკში“, 2007 ან 2008 წელს, საპარლამენტო არჩევნების პერიოდია. პარალელურად, გრძელდება ამ თითოეულ კონტეინერზე 1 500 დოლარის გადახდა. ყოველ თვეს მოდის თბილისის ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ირაკლი კირკიტაძე და, ჯამში, მიაქვს ხან 18 000 დოლარი, ხან 15 000 დოლარი. გააჩნია, რამდენი კონტეინერი შემოვიდოდა. იმ პერიოდში, როდესაც გადვიხადე თანხა, 100 ათასი ლარი შემოწირულობის სახით, შემდგომაც გრძელდება შეთანხმება – თანხის გადახდა.
2010 წელს ისევ მიბარებენ და მეუბნებიან, რომ შემოწირულობას აღარ მთხოვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე. მეუბნებიან, რომ საეთერო დრო უნდა ვუყიდო „რუსთავი 2“-ზე „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, გიორგი თარგამაძის პარტიას. იგივე „დავალება“ მოდის იქიდან – ირაკლი კირკიტაძისგან, ფინანსური პოლიციიდან. ამ საეთერო დროის ღირებულება იყო 50 ათასი ლარი და ეს თანხა უნდა გადამერიცხა „რუსთავი 2“-ის ანგარიშზე. გაოცებული დავრჩი, რადგან ვიცოდი, რომ სახელისუფლო პარტია იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვე, ახლა ეს ახალი პარტია საიდან გამოჩნდა-მეთქი, მამაჩემს პირველი ეგ ვუთხარი. „ქრისტიან-დემოკრატები“ რა შუაში არიან, ოპოზიცია არის-მეთქი. მაშინ ირაკლი კირკიტაძემ მიპასუხა, რომ „ჩვენ ერთნი ვართ და ჩვენში სხვაობა არ არისო“. ბიზნესს უკვე ძალიან გაუჭირდა მაგ პერიოდში. კონტეინერებიც ვეღარ შემოდიოდა, კონტეინერებმა დაიწყო კლება, რადგან ბიზნესიდან თანხის მუდმივად გადინება ნიშნავდა, რომ თანხას საბრუნავი კაპიტალიდან ვიღებდით“, – აღნიშნა შოშიაშვილმა.
ამასთან, ვალერი შოშიაშვილის თქმით, 2010 წელს ირაკლი კირკიტაძემ მას შპს-ს გადაფორმებაც მოსთხოვა.
„მეუბნება, რომ ის უნდა გახდეს შპს „ენკა ჰაუსის“ დირექტორი. ოფიციალურ შეხვედრაზე დამიბარა ფინანსურ პოლიციაში. მიზეზი იყო ის, რომ კონტეინერები ვეღარ შემოდის, უკმაყოფილო არიან, ვისთანაც თანხა მიმაქვსო და ეს იყო ვანო მერაბიშვილი. ამიტომ ეს უნდა გადავიფორმო მე და დავიწყო ჩახედვა, რა არის ბიზნესში პრობლემა და რატომ ვეღარ შემოდის კონტეინერებიო. მე ვფიქრობ, რომ ეგენი, ზოგადად, არიან უნიჭო ადამიანები და მხოლოდ ზეწოლა შეუძლიათ, მაგრამ 2010 წელს, ბიზნესის ირაკლი კირკიტაძეზე გადაფორმების შემდეგ ბიზნესმა დაიწყო გაცამტვერება“, – განაცხადა შოშიაშვილმა.