ბიზნესმენი დავით ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს

14:41, 06.05.2025

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს.

დავით ხიდაშელი განცხადებაში აღნიშნავს, რომ უკვე რამდენიმე წელია, გარკვეული მედიასაშუალებები ავრცელებენ სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლურ მასალებს მის შესახებ.

„მე, დავით ხიდაშელი, მრავალი წელია, ვმონაწილეობ როგორც ბიზნესში, ასევე საზოგადოებრივ პროექტებში. ყოველთვის ვხელმძღვანელობდი პატიოსნებით, მორალური პრინციპებითა და ქვეყნის ინტერესების მიმართ ერთგულებით. ჩემს ყველა ნაბიჯს თან ახლდა გამჭვირვალობა, პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება საქართველოს მომავლის მიმართ.

უკვე რამდენიმე წელია, გარკვეული მედიასაშუალებები ავრცელებენ სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლურ მასალებს ჩემ შესახებ. მსგავსი თავდასხმები არ ეფუძნება ფაქტებს, არ არსებობს მათ უკან არც სამართლებრივი, არც მორალური საფუძველი და ეს ყველაფერი არ ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს.

მე მართლაც ბევრ საინტერესო პროექტში განვახორციელე ინვესტიცია საქართველოში: ახტალის კურორტი, ლიბანის დასასვენებელი ზონა, რაჭის ტყეები, ე.წ. რიყის დოქები და ასე შემდეგ.

განსაკუთრებით მკაფიოდ მსურს, ჩამოვაყალიბო ჩემი დამოკიდებულება რაჭის ტყეების საკითხთან დაკავშირებით: მე რაჭული წარმოშობის თბილისელი ვარ და გულით მსურდა, ჩემი მშვენიერი მშობლიური კუთხის განვითარებაში პატარა წვლილი შემეტანა. ერთ-ერთი ასეთი სურვილი იყო, ტყის მოვლა და ნადირის გამრავლება აგვეღო ჩვენს თავზე. ზუსტად იმ განზრახვით, რასაც გარემოს დაცვა და ფესვებთან სიახლოვე ჰქვია. ბუნებრივია, არანაირი ფინანსური ინტერესი, ტურიზმის განვითარების გარდა, ამ პროექტში არ არსებობდა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი გახდა სხვადასხვა მედიასაშუალების უსაფუძვლოდ აგრესიული აქტიურობის გამო, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის არაერთგვაროვანი რეაქციაც გამოიწვია. რა თქმა უნდა, ამ ფონზე პროექტი ვერ განხორციელდა და სახელმწიფომ ლიცენზია გააუქმა.

აქვე არ შეიძლება, არ აღვნიშნო ჩემი ჩართულობა ე.წ. კარტოგრაფების საქმეში: ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში მხოლოდ და მხოლოდ კეთილშობილი განზრახვით იყო განხორციელებული. სრულიად გულწრფელად მსურდა, დავხმარებოდი ჩემს ქვეყანას ისტორიული საზღვრების შენარჩუნებაში. მე არ ვფლობდი არც იურიდიულ ბერკეტს, არც გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილებას. ჩემი მოტივაცია იყო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და პატრიოტული ვალდებულება, რის გამოც უანგაროდ ვეხმარებოდი საქართველოს მთავრობას და თავდაცვის სამინისტროს. თუ დავჭირდები, ყოველთვის დავეხმარები ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში.

იმავე განზრახვის ფარგლებში, ჩემი ინიციატივით, ღია სახელმწიფო აუქციონზე შევიძინე რიყის დოქები, სადაც მსურდა, დამეფუძნებინა საქართველოს ისტორიული ტერიტორიების მუზეუმი. სწორედ ეს მუზეუმი უნდა გამხდარიყო სივრცე, სადაც მუდმივ ექსპოზიციაზე გამოიფენებოდა 250-ზე მეტი უნიკალური რუქა, რომელებიც სრულიად უსასყიდლოდ გადავეცი საქართველოს სახელმწიფოს. მანდვე უნდა განთავსებულიყო მსოფლიო ღვინის მუზეუმი და სხვა მრავალი ტექნოლოგიური სივრცე.

სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის არასტაბილური საინვესტიციო კლიმატის გამო, ჩვენი პირადი ინვესტიციების გარდა, ვერ მოხერხდა სხვა ინვესტიციების მოზიდვა. ამას ყველა კარგად ხედავს, ამიტომ ეს წამოწყებაც არ განხორციელდა ბოლომდე და დღეს უკვე რიყის დოქებიც გასხვისებულია.

ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების საინვესტიციო აქტიურობა საქართველოში მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებად გვიყვარს სამშობლო. რა თქმა უნდა, მომვალშიც შევეცდებით, შეძლებისდაგვარად ბევრი სასარგებლო პროექტი განვახორციელოთ.

ამასთანავე, საჭიროდ ვთვლი, განვაცხადო:

არ ვარ და არასოდეს ვყოფილვარ პოლიტიკური პროცესების მონაწილე ან პოლიტიკური ძალების ინტერესების გამტარებელი;

ჩემი ეგრედ წოდებული „რუსეთში ბიზნესსაქმიანობა“ ათ წელზე მეტი ხნის წინ დასრულდა და მას შემდეგ რუსეთთან არანაირი კავშირი აღარ მაქვს. ტყუილად მაბრალებენ რუსეთთან არარსებულ კავშირებს.

ჩემი საქმიანობა სრულად დისტანცირებულია შიდა ან გარე პოლიტიკური დაპირისპირებებისგან;

ყველა ცილისმწამებლური მცდელობა, რომ ჩემი სახელი გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური ქულების დასაწერად, მკაცრად მიუღებელია.

მოვუწოდებ მედიას: დაიცვას ბალანსი, შეამოწმოს ინფორმაცია ფაქტობრივად და სამართლებრივად და პატივისცემით მიუდგეს როგორც საზოგადოებას, ისე თითოეულ ინდივიდს. მჯერა, რომ სიმართლე საბოლოოდ იპოვის საკუთარ გზას და მედია სწორად შეაფასებს ჩემი საქმიანობის მნიშვნელობას“, – ნათქვამია დავით ხიდაშელის განცხადებაში.

მსგავსი