ბიზნესმენები ე.წ. ოქროს სიის შესახებ გადაწყვეტილების გადავადების მოთხოვნით, პრემიერისთვის მიმართვას გეგმავენ
ბიზნესმენები ე.წ. ოქროს სიის შესახებ გადაწყვეტილების გადავადების მოთხოვნით, პრემიერისთვის მიმართვას გეგმავენ

ფინანსთა სამინისტროში დღეს მინისტრ ივანე მაჭავარიანს, ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძესა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ე.წ. ოქროს სიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება განიხილეს. ბიზნესმენები ბრძანების შეცვლას მოითხოვდნენ, რომლითაც ე.წ. ოქროს სიის მონაწილე კომპანიებს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30 დღიდან 5 დღემდე უმცირდებათ. შეხვედრაზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

როგორც ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ივანე მაჭავარიანმა შეხვედრაზე გადაწყვეტილების ძირითადი მოტივები ახსნა და არგუმენტები წარუდგინა ბიზნესასოციაციებს, თუმცა ამ ეტაპზე, შეთანხმება მიღწეული არ არის.

„ჩვენი შემდგომი ნაბიჯი იქნება, რომ მივმართავთ მთავრობას, შესაძლებლობების ფარგლებში მოხდეს რეაგირება. მინისტრს აქვს პრინციპული პოზიცია . არგუმენტები არის, რომ ეს იყო შეთანხმებული საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და გარკვეული პერიოდის წინ ასახული იყო სხვადასხვა რეპორტებში. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობთ, მინისტრის ბრძანება იყო ერთგვარი სიურპრიზი ბიზნესისთვის. ღიად ვთქვით, რომ გვჭირდებოდა მეტი კომუნიკაცია. პრემიერის სახელზე ვგეგმავთ მივმართოთ მთავრობას, რომ სულ მცირე, გადავადდეს და მაქსიმუმ, დარჩეს არსებული მდგომარეობა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ივა ჭყონიას განცხადებით, გონივრული იქნება, ბიზნესს ექვსთვიანი ვადა მაინც მიეცეს მოსამზადებლად.

„მთელი სიმძიმის ტვირთი დააწვა პარლამენტს და შესაბამის კომიტეტს, რომელმაც თურმე, არ მიაწოდა ბიზნესს ინფორმაცია, მათ შორის ჟურნალისტებსა და ექსპერტებს. თურმე, ფინანსთა სამინისტროს ვალდებულება არ ყოფილა, შესაბამისი კონსულტაციები გაემართა და ორი ან სამი თვით ადრე მოეწოდებინა ინფორმაცია. გონივრული გადაწყვეტილება იქნება, სულ მცირე, ექვს თვიანი პერიოდი ავიღოთ და ბიზნესი შესაბამისად მოემზადოს. ერთი ხელით ბიზნესს ვახალისებთ და მოგების გადასახადს ვუხსნით, მეორე ხელით ვახრჩობთ. ეს არის კარგი კარგი. გრძელვადიან პერსპექტივაში მძიმე ტვირთი იქნება. ყველაზე მძიმე პირველი დარტყმა წავა იმპორტიორებზე. კეთდება აბსურდული განცხადებები, რომ ადგილობრივი მწარმოებლებს ხელი შეეწყობათ. ადგილობრივი ბიზნესი იმპორტირებულ ნედლეულზეა მეტწილად დამოკიდებული. ვერ გამოვიტანე დასკვნა, რატომ დგას მინისტრი ასე პრინციპულ პოზიციაზე.  მინდა, ხმამაღლა განვაცხადო, რომ ბიზნესასოციაციებს ეს გადაწყვეტილება აკნინებს“, – განაცხადა ჭყონიამ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ფინანსთა მინისტრი პარლამენტის შესაბამის კომიტეტზე უნდა მიიწვიონ და ყველა მხარის პოზიცია მოისმინონ.

ამასთან, „ოქრის სიის“ მონაწილე კომპანიის, „ბრითიშ ამერიკან თობაქოს“ კორპორატიული და იურიდიული დირექტორის ზვიად სხვიტარიძის თქმით, ფინანსთა მინისტრო მინისტრი არ აპირებს რეგულაციის გადახედვას.

„ვიმედოვნებდით, რომ გარდამავალი პერიოდი მაინც მოგვეცემოდა სამ-ოთხი თვის სახით. ვრჩებით აზრზე, რომ რეგულაციები უნდა გადავადდეს. ფინანსური რესურსი არ გვაქვს. ერთადერთი რესურსია, ავიღოთ სესხი. ამ პროცესში ვართ ახლა. სესხის დასაფარად ხარჯები უნდა შევამციროთ და ხარჯების შემცირების ერთ-ერთი საშუალებაა თანამშრომლების შემცირება და პროდუქციის მცირე რაოდენობით გაყიდვა“, – განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.

ამასთან, მისი თქმით, ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა შესაძლოა, თამბაქოს ბიზნესისთვის პოზიტიურად შეფასდეს.

„მინისტრმა მთელი რიგი პოზიტიური ნაბიჯები დააანონსა რეგულაციების სახით თამბაქოს ბიზნესისთვის. მთავარი დაპირება, რასაც რამდენიმე წელია ვითხოვთ, არის ე.წ. სააქციზო გზამკვლევის შემოღება. სავარაუდოდ, შემდეგი 10 დღის განმავლობაში საგადასახადო კოდექსში შევა ცვლილებები“, – განაცხადა სხვიტარიძემ შეხვედრის შემდეგ.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, იმპორტის გადასახდელების გადახდის ხუთდღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა, წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა.