გალიფ ოზთურქს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
გალიფ ოზთურქს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოტე ჭილაიამ ​პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურორი დავით ჭარბაძე სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. მისი განცხადებით, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდების პარალელურად, ფინანსური პოლიცია გამოძიებას რამდენიმე მიმართულებით, საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბების, გადასახადებისთვის თავის არიდებისა და სხვა მიმართულებითაც აწარმოებს, ამდენად დავით ჭარბაძე მიიჩნევს, რომ პატიმრობა იყო აუცილებელი ნორმა.

ადვოკატები, რომლებიც მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ ბიზნესმენის გათავისუფლებას ითხოვდნენ, გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ და აცხადებენ, რომ პროკურატურას უსაფუძვლო ბრალდება აქვს წარდგენილი.

„პროკურატურის პოზიცია, რომ გამოძიება მიმდინარეობს ფინანსური კუთხით, არ ნიშნავს, რომ ბატონი გალიფი დამნაშავეა. ჩვენთვის მოულოდნელად, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. აუცილებლად გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას. ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბატონ გალიფ ოზთურქს არ ეკუთვნის. საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ვიდეოგადაღება გვიან მოხდა და პოლიციელები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საცხოვრებელ სახლში, როდესაც ბატონ გალიფს ეძინა“, – განაცხადა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი კი ამბობს, რომ სავარაუდოდ დაკავება ბიზნესინტერესებს უკავშირდება. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ გალიფ ოზთურქი თურქეთში ძებნილია და შესაძლოა, თურქეთმა მისი ექსტრადირება მოითხოვოს, ბარათაშვილი ამბობს, რომ თურქული მხარისგან ამის მოთხოვნა არ არსებობს.

თავად ბიზნესმენი მის დაკავებას გაუგებრობას უწოდებს. ის გირაოს პარალელურად, ელექტრონულ სამაჯურზეც იყო თანახმა.

„რვა წელია, საქართველოში ვიმყოფები. სიკეთის გარდა, არაფერი მიკეთებია. სახელმწიფოს ბიზნესპროექტების განხორციელებაში ვეხმარებოდი. უარვყოფ წარდგენილ ბრალდებას და არ ვეთანხმები. ვაპირებ, რომ სამართლებრივი ბრძოლა გავაგრძელო. შემიძლია, გირაოს სახით რამდენიმემილიონიანი ქონება შემოგთავაზოთ, მათ შორის, ერთი მილიონი ლარი. თუ სასამართლოს სურვილი აქვს, შეუძლია, გაზარდოს გირაოს ოდენობა. თუ სასამართლო ჩათვლის საჭიროდ, ელექტრონული მონიტორინგის ქვეშ ვიქნები. მიყვარს საქართველო, დიდ პატივს ვცემ ქართველებს, მთელი რესურსი აქ მაქვს ჩადებული და წასვლას არსად ვაპირებ“, – განაცხადა გალიფ ოზთურქმა სასამართლო პროცესზე.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 ივლისს ჩაინიშნა.

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ბრალდება დღეს წარუდგინა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 31 მაისს დააკავეს.

დატოვე კომენტარი