ბიზნესმენ ეიკე ბატისტას კორუფციისა და ფულის გათეთრების ბრალდებით 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ბიზნესმენ ეიკე ბატისტას კორუფციისა და ფულის გათეთრების ბრალდებით 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ბიზნესმენ ეიკე ბატისტას, რომელიც ოდესღაც ბრაზილიის უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა, კორუფციისა და ფულის გათეთრების ბრალდებით 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრაზილიური ტელეკომპანია „გლობო“ ავრცელებს.

მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის ვერსია, რომლის თანახმადაც, ბიზნესმენმა რიო-დე-ჟანეიროს შტატის ყოფილ გუბერნატორს სერჟიუ კაბრალს ქრთამის სახით 16,5 მილიონი დოლარი გადაუხადა. თავად ყოფილი მაღალჩინოსანი 2016 წლის ნოემბერში დააკავეს. მას ამავე საქმისთვის 22 წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ეიკე ბატისტას ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ბატისტა 2017 წლის იანვარში სახელმწიფო ნავთობკომპანია Petrobras-თან დაკავშირებული კორუფციული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. 2017 წლის თებერვლიდან ბიზნესმენი რიო-დე-ჟანეიროს ბოტანიკური ბაღის მახლობლად მდებარე თავის ორსართულიან სახლში შინაპატიმრობაში იმყოფება.

გამოცემა „ფორბსის“ მონაცემებით, 2011 წელს ეიკე ბატისტა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მერვე ადგილს იკავებდა. მისი ქონება კი ბრაზილიაში უმსხვილესად მიიჩნეოდა. თუმცა 2013 წელს ბატისტამ თავისი ქონების 90% დაკარგა და „ფორბსის“ მილიარდერების სიიდან გაირიცხა.