ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის საქმეზე სასამართლოში ბრალდების მოწმე დაიკითხა
ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის საქმეზე სასამართლოში ბრალდების მოწმე დაიკითხა

კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მოწმე დაიკითხა.

გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილმა თანამშრომელმა სხდომაზე ხარძიანის წამების რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა და მირზა სუბელიანის, ვიქტორ ჯაფარიძისა და დავით სუხიშვილის დაკითხვა მოითხოვა. დაცვის მხარის განცხადებით, მედიაში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში სუბელიანმა ხარძიანის საქმე ახსენა და საინტერესოა, რას გულისხმობდა იგი. სასამართლომ შუამდგომლობა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო არ გაიზიარა.

გიორგი უდესიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 2016 წელს დაიწყო. წარდგენილი ბრალი  ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.