ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავრობა სავაჭრო ობიექტების სამუშაო საათებისა და დღეების შეზღუდვის საკითხზე მსჯელობს
ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავრობა სავაჭრო ობიექტების სამუშაო საათებისა და დღეების შეზღუდვის საკითხზე მსჯელობს

სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ დირექტორი ზურაბ შავლაყაძე მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო მოსალოდნელ რეგულაციებზე.

კერძოდ, ზურაბ შავლაყაძის განმარტებით, განიხილება სამუშაო საათებთან და დღეებთან დაკავშირებული შეზღუდვები, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

„შეიძლება, შეიზღუდოს სამუშაო საათები, სამუშაო დღეები. მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. როგორც ვიცი, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს ბაზრობების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა „ქარვასლას“ დირექტორმა ფინანსთა, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.

ამასთან, „ისი-პარის“ გენერალური დირექტორის მაია პაპალაშვილის თქმით, იგეგმება შეზღუდვების გამკაცრება, თუმცა არა სრული ლოკდაუნის გამოცხადება.

„იგეგმება ახალი შეზღუდვები, გამკაცრება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ სრული ლოკდაუნი არ იქნება. ვფიქრობთ, ერთად რაღაც კონსესუსამდე მივალთ და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომ არც ეპიდემიის ასეთი სისწრაფით გავრცელება იყოს და ბიზნესიც ასე თუ ისე გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. დაკეტვაზე არანაირი გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. ხვდებიან აბსოლუტურად ყველა სექტორს და უნდათ, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ეპიდემიასაც შეაჩერებს და ბიზნესიც არ დაიჩაგრება.

საუბარია როგორც საათობრივ შეზღუდვებზე, ასევე დღეების. განხილვაა ჯერჯერობით. არაფრის გადაწყვეტილება არ არის მიღებული. უბრალოდ, აინტერესებდათ, ჩვენ როგორ ვუყურებთ გინდათ, საათობრივ, გნებავთ დღეების შეზღუდვას. გადაწყვეტილების მიღების თარიღიც არავის დაუსახელებია“, – განაცხადა „ისი-პარის“ გენერალურმა დირექტორმა.