ბიზნესასოციაციის დირექტორის მოადგილე - ბიზნესის კეთების რეიტინგში დაწინაურება საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე დადებითად იმოქმედებს
ბიზნესასოციაციის დირექტორის მოადგილე - ბიზნესის კეთების რეიტინგში დაწინაურება საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე დადებითად იმოქმედებს

Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურება ძალიან დადებითად იმოქმედებს საქართველოს, როგორც კარგი საინვესტიციო ადგილის იმიჯზე, – ამის შესახებ პირველ არხს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ირინა კვახაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული რეიტინგი ცალსახად მოქმედებს ნებისმიერი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინვესტორის გადაწყვეტილებაზე, დაიწყოს თუ არა ქვეყანაში ბიზნესი. ინვესტორები გადაწყვეტილებას საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით იღებენ.

„ცხადია, ეს ძალიან დადებითად იმოქმედებს საქართველოს, როგორც კარგი საინვესტიციო ადგილის იმიჯზე მთელს მსოფლიოში. როდესაც აღნიშნული კვლევა ტარდება, მსოფლიო ბანკი ხვდება გარკვეულ წრეს და მათგან იღებს ინფორმაციას მართლაც განხორციელდა თუ არა ცვლილებები, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და ა.შ. ეს ყველაფერი მოსახლეობაზე აისახება მას შემდეგ, რაც ჩვენი ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდება. მხოლოდ ერთი რეიტინგი შეიძლება, ვერ იყოს გადამწყვეტი იმისთვის, რომ გაცილებით უკეთესად ვიცხოვროთ თითოეულმა ჩვენგანმა, თუმცა ესეც მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ კიდევ უფრო ძლიერი სახელმწიფო გავხდეთ“, – განაცხადა კვახაძემ.

მან ბიზნესის პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თუ არ დაიხვეწა და გაუმჯობესდა სასამართლო სისტემა, ბიზნესი ვერ შეძლებს განვითარებას. ასევე, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე განათლების მხრივ არსებულ პრობლემებსაც უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ამ  მიმართულებით რეფორმები უნდა დაჩქარდეს.

საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში დაწინაწურდა და მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა.