„ბიზნეს ინსაიდერი“ - ქართული აპლიკაცია „სტოპ კოვიდი“ საფრანგეთში პოპულარული აპლიკაციების სამეულში მოხვდა, მოქალაქეები მის ფრანგულად თარგმნას ითხოვენ
„ბიზნეს ინსაიდერი“ - ქართული აპლიკაცია „სტოპ კოვიდი“ საფრანგეთში პოპულარული აპლიკაციების სამეულში მოხვდა, მოქალაქეები მის ფრანგულად თარგმნას ითხოვენ

გაუგებრობის შედეგად, საფრანგეთის მასშტაბით ქართული აპლიკაცია „სტოპ კოვიდი“ მედიცინის სექციაში ყველაზე ხშირად გადმოწერილ აპლიკაციებს შორის ლიდერი აღმოჩნდა, – ამის შესახებ ფრანგული „ბიზნეს ინსაიდერი“ წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართულ აპლიკაციას არაფერი აქვს საერთო საფრანგეთის მთავრობის მიერ შემუშავებულ მსგავს აპლიკაციასთან, იმავე დასახელებით – „სტოპკოვიდი“. აპლიკაცია ფრანგ მოსახლოებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმაც წარუდგინა. „დასახელებებს შორის განსხვავება მხოლოდ სიტყვებს შორის დაშორებაა“, – აღნიშნავს „ბიზნეს ინსაიდერი“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შეცდომით გადმოწერილი აპლიკაციის ფონზე, ქართული „სტოპ კოვიდისგამოხმაურებებში საფრანგეთის მოქალაქეები აპლიკაციის მშობლიურ ენაზე თარგმნას ითხოვენ და უკამყოფილებას გამოთქვამენ, რომ სერვისი ფრანგულ ენაზე არ არის ხელმისაწვდომი.

შეცდომა პირველად „ტექქრანჩის“ ჟურნალისტმა, რომენ დილემ შეამჩნია და ამის შესახებ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა. „უკმაყოფილო ფრანგების გამოხმაურებების შედეგად, ქართული აპლიკაციის რეიტინგი ახლა მხოლოდ 2.7/5-ია“, – წერს „ბიზნეს ინსაიდერი“.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში აპლიკაცია „სტოპ კოვიდი“ (STOP COVID) 16 აპრილს ამოქმედდა. აპლიკაციის მიზანია ახალი კორონავირუსის ადრეული გამოვლენა და პრევენცია. აპლიკაცია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, გაიგოს, თუ იმყოფებოდა კონტაქტში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ პირთან.

დატოვე კომენტარი