ბიუროს სხდომაზე ვახტანგ გომელაურის რიგგარეშე სესიაზე მოსმენის თარიღთან დაკავშირებით იმსჯელებენ
ბიუროს სხდომაზე ვახტანგ გომელაურის რიგგარეშე სესიაზე მოსმენის თარიღთან დაკავშირებით იმსჯელებენ

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს გახდება ცნობილი, როდის წარდგება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რიგგარეშე სესიაზე დეპუტატების წინაშე.

შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს კანონმდებლები 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით იბარებენ.

უცნობია დაესწრება თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენას პარლამენტში ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება. მათი თქმით, აღარ აქვთ კითხვები ვახტანგ გომელაურთან და ახლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მისი გადადგომაა. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ მთავარი კითხვაა, რატომ არ იყო სამართალდამცველთა სრული მობილიზება 5 ივლისს და რატომ ვერ მოახერხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თავიდან აეცილებინა დაპირისპირება და ძალადობა მედიის წინააღმდეგ.

„მისი მოსვლა და პასუხის გაცემა მნიშვნელოვან კითხვებზე არის აუცილებელი ნაწილი, რადგან საზოგადოებაში ეს კითხვები არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ და ვერ იმოქმედა იმისთვის, რომ დაეცვა ადამიანები”, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მთავარი კითხვები 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაისმება და ასევე უმრავლესობის წევრებს კითხვები აქვთ შინაგან საქმეთა მინისტრთან, თუ როგორ აპირებს უწყება აღნიშნული მოვლენების პრევენციას.

„საკითხები ცხადია, უკავშირდება 5 ივლისის თარიღს და იქ განვითარებულ მოვლენებს. ორი ძირითადი ბლოკი იქნება საკითხებისა. ერთი არის უშუალოდ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ძირითადად გულისხმობს პრევენციას ამ სამართალდარღვევებისა და ძალადობისა, რომელიც ვიხილეთ თბილისის ქუჩებში და მეორე იქნება უკვე ამ ფაქტებიდან გამომდინარე სამართლებრივი რეაგირების გარკვეული ასპექტები, რომელიც რასაკვირველია, ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ.