ბიუროს სხდომაზე კრიმინალთან ბრძოლის საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ
ბიუროს სხდომაზე კრიმინალთან ბრძოლის საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებენ.

განსახილველ საკითხებს შორის არის პროკურატურის შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელიც კრიმინალთან ბრძოლის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებს ეხება.

„ცვლილებები ეხება საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლებიც გულისხმობს სახელმწიფოთა შორის დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას არამხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე მიმართულებით. ვიცით, რომ საფრანგეთთან მოხდა გარკვეული ტიპის შეთანხმება და ასევე სხვა სახელმწიფოებთანაც ვაპირებთ მსგავსი შეთანხმებების განხორციელებას, რათა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უფრო ეფექტური გახადოს ბრძოლა დამნაშავეთა წინააღმდეგ“, – განაცხადა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატები ასევე განიხილავენ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც, კულტურის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოვალეობაში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციების განთავსება შევა.