ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ეკა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომის განცხადება შევა
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ეკა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომის განცხადება შევა

საქართველოს პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება. მთავარი საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომის განცხადებაა, რომელიც ბიუროს დღეს წარედგინება.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის ახალი თავმჯდომარის ვინაობა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც თებერვალში საპარლამენტო სესიაზე აღნიშნულ საკითხზე დაიწყება მსჯელობა, მანამადე კი მის მოვალეობას ერთ-ერთი მოადგილე შეასრულებს.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევაზე კომიტეტის წევრები დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. ეკა ბესელიამ თანამდებობის დატოვებისას პირველი მოადგილის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე წარადგინა, თუმცა მის კანდიდატურას სხდომაზევე მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა, რის გამოც ფოფხაძის კანდიდატურისთვის კენჭი არ უყრიათ.

დღევანდელ სხდომაზე გაირკვევა, დაუჭერს თუ არა მხარს გედევან ფოფხაძეს კომიტეტის წევრთა უმრავლესობა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციაზე ასევე მოიაზრება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი. იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტის წევრები თავმჯდომარის პირველ მოადგილეს დღეს ვერ აირჩევენ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ორი მოადგილიდან ერთ-ერთი შეასრულებს, რომელსაც კომიტეტის წევრები კენჭისყრით გამოავლენენ. ხოლო პირველ მოადგილეს საგაზაფხულო სესიაზე არჩეული ახალი თავმჯდომარე წარადგენს.

დეპუტატები ამბობენ, რომ აღნიშნული საკითხის გარდა, ბიუროს სხდომაზე სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებენ. უმრავლესობის წევრების თქმით, სიმბოლიკაში ცვლილებები იგეგმება.