ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ცვლილებების პროექტი წარედგინება, რომელიც საგანგებო ვითარების დროს პარლამენტის საქმიანობას განსაზღვრავს
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ცვლილებების პროექტი წარედგინება, რომელიც საგანგებო ვითარების დროს პარლამენტის საქმიანობას განსაზღვრავს

პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს უმრავლესობის წევრების მიერ რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი წარედგინება.

ინიციატივის თანახმად, პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი ვითარების გამოცხადებისას, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარეს ენიჭება დისკრეცია, რათა პარლამენტის საქმიანობა წარიმართოს დისტანციურად, ელექტრონულად საკომუნიკაციო საშუალებებით.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, აღნიშნული დამატებითი ნორმა იძლევა საშუალებას, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაში დაცული იყოს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, ასევე მთავრობის მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები.

როგორც გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, რეგლამენტში ინიცირებული ცვლილებები საგანგებო და საომარ ვითარებაში უზრუნველყოფს, რომ საკანონმდებლო ორგანომ ფუნქციონირება არ შეწყვიტოს.

„პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული პროექტი გახლავთ რეგლამენტში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი ვითარების გამოცხადებისას, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ეძლევა დისკრეცია, რომ მისი გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება, პარლამენტის საქმიანობა წარიმართოს დისტანციურად, შესაბამისი ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. დამატებული იქნება ნორმის ის ჩანაწერი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თუ იქნება ისეთი პირობები, რომლის დროსაც მაგალითად, თუნდაც როგორიც არის დღევანდელი პირობები, საჭიროა გარკვეული დისტანცია საზოგადოების, ზოგადად სოციუმის სხვადასხვა საჯარო სექტორთან დაკავშირებით იყოს შესაძლებელი, რომ თუკი იძლევა საშუალებას ტექნიკური ელექტრონული საშუალებები, მათ შორის პარლამენტის საქმიანობა იქნება ეს, სესია, კომიტეტი თუ ბიურო, წარიმართოს სწორედ ელექტრონულად. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ერთის მხრივ მაქსიმალურად დავიცვათ ყველა პრევენციული ზომები, რაც არის გათვალისწინებული მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის მიერ. მეორეს მხრივ, უზრუნველვყოთ ისიც, რომ ფაქტობრივად არ შეწყვიტოს ფუნქციონირება პარლამენტმა. აი, ეს მიზანი გახლავთ ამ საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტის რეგლამენტში”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.