თბილისში ახალი საბაგირო გზების მშენებლობა იგეგმება
თბილისში ახალი საბაგირო გზების მშენებლობა იგეგმება

თბილისის ბიუჯეტში სატრანსპორტო ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხა ახალი ტურისტული და სატრანსპორტო ფუნქციების მქონე საბაგირო გზების მშენებლობასაც ითვალისწინებს.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და მისმა გუნდმა, უცვლელი დატოვა დავით ნარმანიას და მისი გუნდის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები, რომელიც საბაგირო ტრანსპორტის განვითარებას ეხება.

„თბილისის განსაკუთრებულად რთულმა რელიეფმა და ტურიზმის განვითარებამ მოითხოვა არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლება და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით თბილისის სტუმრების და ტურისტების მომსახურება. პროგრამის მიზანია, საბაგირო გზების რეკონსტრუქცია, ახლის მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის სწრაფ გადაადგილებას და სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვას, ხმაურის და გამონაბოლქვის შემცირებას. მერიის მიერ მომზადებული პროექტი სსიპ – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საბაგირო გზის ძველი სადგურიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით საბაგირო გზის მშენებლობას ითვალისწინებს. მთაწმინდის პარკთან დამაკავშირებელი დაახლოებით 980 მეტრის სიგრძის საბაგირო გზის მშენებლობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ორი სადგურის მოწყობა, ხუთი საყრდენი ანძით. მგზავრებს მოემსახურებათ 20 გონდოლა, საშუალოდ თითო ექვს ადამიანზე. გზის გამტარუნარიანობაა 1100კაც/სთ. საბაგირო გზის ზედა სადგური (მთაწმინდის პარკში) შენდება ახალი თანამედროვე არქიტექტურით ხის მასალით შეფუთული, ქვედა სადგურზე (მეცნიერებათა აკადემიის ეზო) მოხდება ძველი სადგურის შენობის აღდგენა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა.“- აღნიშნულია თბილისის ბიუჯეტის პროექტში.