ბიტკოინი მკვეთრად გაუფასურდა
ბიტკოინი მკვეთრად გაუფასურდა

პოპულარული კრიპტოვალუტა ბიტკოინი 24 საათის განმავლობაში უკვე ორჯერ, მკვეთრად გაუფასურდა და მისი ფასი ბოლო ცხრა თვის მინიმუმზე დაფიქსირდა.

გაუფასურების მიზეზად ანალიტიკოსები ინვესტორთა იმედგაცრუებას ასახელებენ, რადგან გაჩნდა მოლოდინი, რომ ციფრული აქტივები ფართო მოხმარებაში კიდევ დიდხანს არ დაინერგება.

გაუფასურებამ დაახლოებით 10 პროცენტი შეადგინა და ერთი ბიტკოინის ფასი 6 358 დოლარზე დაფიქსირდა. 4 პროცენტზე მეტად გაუფასურდა კრიპტოვალუტის სხვა სახეობებიც: რიპლი, ეთერიუმი და ლაითკოინი.

კრიპტოვალუტით მოვაჭრეების მოლოდინი, რომ ციფრული ვალუტა უფრო ფართო მოხმარებაში დაინერგება და შესაბამისად, მისი ფასიც გაიზრდება, ჯერჯერობით არ გამართლდა. გუშინ პოპულარულმა გამოცემა Business Insider-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით, ამერიკული ფინანსური გიგანტი Goldman Sachs-ი ახლო მომავალში კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმის ამოქმედების გეგმაზე უარს ამბობს.

ანალიტიკოსების აზრით, Goldman Sachs-ის გადაწყვეტილებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ვირტუალური ვალუტის ბაზარზე, რადგან ფინანსური გიგანტის აზრს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
Goldman Sachs-ის გადაწყვეტილებას  აშშ-ის ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს მიერ გასულ თვეში მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირებენ, რომელმაც  ბიტკოინებით მოვაჭრე ფონდებს უკვე მეორედ უთხრა უარი და საფონდო ბირჟაზე არ დაუშვა.

გარდა ამისა, კრიპტოვალუტის მთავარი ხიბლი – ანონიმურობა და მთავრობის კონტროლს მიღმა ყოფნა თანდათან იფანტება. ბიტკოინებით მოვაჭრე ვეტერანმა პლატფორმამ ShapeShift AG-მ სამშაბათს განაცხადა, რომ მომხმარებლებს პირად ინფორმაციას მოსთხოვს.  კრიპტოვალუტის რეგულირების საკითხი თანდათან უფრო აქტუალური ხდება, რადგან ციფრული ვალუტის რეგულაციების გარეშე ოპერირება ფულის გათეთრების რისკებს ზრდის. ShapeShift AG-ის განცხადება პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე ბაზარმა აღიქვა, როგორც კრიპტოვალუტის ფორმალურ ჩარჩოებში მოქცევის მცდელობა.

ბანკების ნაწილი უკვე ცდილობს კრიპტოვალუტის ბაზარზე შესვლას, თუმცა ამ სფეროში არსებული გაურკვევლობა, მანიპულაციების რისკი და რეგულაციების ბუნდოვანება ციფრული ვალუტის დამკვიდრებას ხელს უშლის. შესაბამისად, ვირტუალური ვალუტის საბაზრო ღირებულება იანვრის პიკის შემდეგ 75 პროცენტით შემცირდა.

დატოვე კომენტარი