დღეს ყველაზე პოპულარული და ძვირი კრიტპოვალუტის ბიტკოინის გამოსვლიდან 10 წელი გავიდა. იუბილეს ვირტუალური ვალუტა ფაქტობრივად, 70 პროცენტიანი გაუფასურებით შეხვდა.
გასული წლის 31 ოქტომბერს, როდესაც ბიტკოინზე მოთხოვნა უსწრაფესად იზრდებოდა, ერთი ბიტკოინი 6443 დოლარი ღირდა. 2017 წლის დეკემბერში კი, ერთი ბიტკოინის ფასმა უკვე 20 ათას დოლარს მიაღწია და წლიურმა მოგებამ 1300 პროცენტი შეადგინა. ბიტკოინს ყიდულობდა პრაქტიკულად ყველა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ანონიმურმა პიროვნებამ, რომელმაც ფსევდონიმად საკუთარ თავს სატოში ნაკამოტო უწოდა, 10 წლის წინ 31 ოქტომბერს გამოაქვეყნა 9-გვერდიანი აკადემიური ნაშრომი სახელწოდებით „ბიტკოინი-ნაღდი ფულის თანაბარი ელექტრონული სისტემა“. ნაშრომში ავტორმა დეტალურად აღწერა ვირტუალური ვალუტის საჭიროება და უპირატესობა, რომელიც საშუალებას იძლევა ტრანზაქციები განხორციელდეს მესამე მხარის, მაგალითად ბანკის ჩარევის გარეშე. ამ ნაშრომმა საფუძველი ჩაუყარა ვირტუალური ვალუტის შექმნის იდეას და 2009 წლის დასაწყისში პირველი ბიტკოინი გამოვიდა.
ამ ხნის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა უამრავი რყევა განიცადა, ბიტკოინის სავაჭრო პლატფორმებზე დაფიქსირდა 500 ჰაკერული თავდასხმა, მაგრამ ის დღეის მდგომარეობით ნაღდი ფულის გვერდით თანდათან იმკვიდრებს ადგილს.
ანალიტკოსებს უჭირთ შეფასება, თუ რამდენად გაიზარდა ბიტკოინის ფასი მისი გამოშვების დღიდან, რადგან მაშინ ერთი ბიტკოინი 0.01 ცენტი ღირდა, დღეს კი, საშუალოდ 6300 დოლარია. სავარაუდო გათვლებით, ფასმა 10 წლის მანძილზე მილიონჯერ მოიმატა.
ბიტკოინში განხორციელებული პირველი ტრანზაქცია კერძო პირებს შორის მოხდა, ამიტომ არავინ იცის მისი მოცულობა. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ პირველი ტრანზაქცია ნაკამოტოსა და დეველოპერ ჰალი ფინის შორის განხორციელდა. არსებობს მოსაზრებაც, რომ ფინი, რომელიც 2014 წელს გარდაიცვალა, თავად იყო სატოში ნაკამოტო.
ბიტკოინი თავიდან საკმაოდ ნელა იდგამდა ფეხს. მისი აღზევება ფაქტობრივად 2010 წლის 22 მაისს დაიწყო, როდესაც ერთმა ბიტკოინით დაინტერესებულმა პროგრამისტმა ორ პიცაში 10 ათასი ბიტკოინი გადაიხადა, რაც მაშინ დაახლოებით 25 დოლარს უდრიდა, დღეს კი, 63 მილიონს უტოლდება. ამ დღეს „ბიტკოინის პიცის დღე“ ეწოდა. ბიტკოინის პოპულარობის პიკი 2017 წელს დადგა, როდესაც წლის განმავლობაში ერთი ბიტკოინის ფასი 1000 დოლარიდან 20 ათასამდე გაიზარდა.
ამავე წელს ბიტკოინის მიმართ სერიოზული ინტერესი გიგანტურმა ფინანსურმა ჯგუფებმაც გამოიჩინეს. აშშ-ის ორ წამყვან ბირჟაზე კი, ბიტკოინის გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა დაიწყეს.
კრიპტოვალუტის ღირებულების ასეთი თავბრუდამხვევი ზრდა დიდი სკეპტიციზმის საფუძველიც გამოდგა და ფინანსური სამყაროს წამყვანი სახეების ნაწილი მას მორიგ „ფინანსურ ბუშტად“ აფასებდა. მთავარი კრიტიკის საგანია ის ფაქტი, რომ კრიტპოვალუტა ფაქტობრივად რეგულაციების მიღმა დგას, რაც კრიმინალის საფრთხეს ზრდის. ამიტომ, მთავრობათა დონეზე გამოითქვა აზრი, რომ კრიპტოვალუტა გარკვეული რეგულაციის ჩარჩოებში მოექცეს.
რეგულაციების პერსპექტივამ ინვესტორების ნდობა შეარყია. შედეგად, „ფინანსური ბუშტი“ 2018 წლის იანვრის ბოლოს გასკდა და ბიტკოინის ფასი 10 ათას დოლარამდე დაეცა. მთელი წლის მანძილზე ბიტკოინი ვარდნას განაგრძობდა და ერთი ბიტკოინის ღირებულება მისი ათწლიანი იუბილის თავზე 6305 დოლარია.
ბაზრის ანალიტკოსები ბიტკოინის პერსპექტივების შესახებ პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებენ. ბიტკოინის ყველაზე თავგადაკლული მომხრეებიც კი არ გამორიცხავენ, რომ კრიპტოვალუტამ შესაძლოა, არ გაამართლოს.