ბითაძის ორმაგი დუბლი და მესამე გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში [ვიდეო/ფოტო]

„ადრიატიკის ლიგაში“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა „მეგა ბიმაქსმა“, რაშიც უდიდესი წვლილი გოგა ბითაძემაც შეიტანა.

სერბთა 19 წლის ქართველმა ცენტრმა, ზაგრების „სპორტის სასახლეში“ ადგილობრივ „ცედევიტასთან“ მატჩში, ფიცარნაგზე არასრული 31 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში, ორივე გუნდის შემადგენლობაში, საუკეთესოც იყო. საქართველოს ნაკრების ამომავალმა ვარსკვლავმა, 30 წუთსა და 32 წამში – 16 ქულა, 13 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

გოგამ საშუალოდან 58,3 პროცენტიანი სიზუსტით (7/12) ისროლა, ხუთიდან – ორი ჯარიმა გამოიყენა (40%), პერიმეტრიდან კი სამიზნე ვერ გაისწორა და პასივში სამი არაზუსტი  სამქულიანი ჩაიწერა. რაც შეეხება მოხსნებს, ბითაძემ ათჯერ საკუთარ სამწამიანში იმარჯვა, სამჯერ კი მეტოქის ფარიდან ასხლეტილ ბურთს დაეუფლა.

რაც შეეხება ერთადერთ დაფარებას, რომელიც ბითაძემ მესამე მეოთხედში შეასრულა – „ადრიატიკის ლიგის“ ოფიციალურ თვითერზეც (twitter) გამოარჩიეს.

 

საბოლოოდ ამ სტატისტიკით ბითაძე მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე (MVP) გახდა. ქართველ კალათბურთელზე მეტი ქულა -17, ორივე გუნდის შემადგენლობაში, მხოლოდ მის თანაგუნდელ – ოგნიენ კარაბიჩს ჰქონდა, თუმცა მაკედონიელი გოგას სხვა კომპონენტებში მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა.

საბოლოოდ ბითაძის „მეგა ბიმაქსმა“ შეხევდრა 9 ქულის სხვაობით 95:86 მოიგო და სამი ტურის შემდეგ „ადრიატიკის ლიგის“ სატურნირო ცხრილს „ცრვენა ზვეზდასთან“ ერთად უდანაკარგოდ ლიდერობს.

„მეგა ბიმაქსი“ მომდევნო შეხვედრას „ადრიატიკის ლიგაში“ სლოვენიურ – „პეტროლ ოლიმპიასთან“ – 19 ოქტომბერს გამართავს.