ბითაძის 3 ქულა 5 წუთში - „ორლანდო“ „მილუოკისთან“ დიდი სხვაობით დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში გოგა ბითაძის ახალი გუნდი „ორლანდო მეჯიქი“ „მილუოკი ბაქსს“ ესტუმრა და 117-139 დამარცხდა. ამ შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ვისკონსინურმა გუნდმა სანდრო მამუკელაშვილი გუნდიდან გაუშვა.

ბითაძე „ბაქსის“ წინააღმდეგ პარკეტზე მეოთხე მეოთხედის ბოლოს, საბოლოო სირენამდე 4:33 წუთით ადრე გამოჩნდა, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. გოგამ ბოლომდე ითამაშა და 3 ქულასთან ერთად 2 მოხსნა დააგროვა. მან 2-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან კი ერთხელ სცადა სროლა, მაგრამ ბურთი კალათში ვერ მოათავსა.

რაც შეეხება შეხვედრას, „მილუოკი ბაქსის“ უპირატესობა აშკარა იყო – გუნდმა ყველა მეოთხედი მოიგო. საუკეთესო ორივე გუნდის მხრიდან იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელსაც 31 ქულა ჰქონდა, 23 ქულა დააგროვა ჯრუ ჰოლიდეიმ. „მეჯიქის“ მხრიდან 28 ქულით კოულ ენტონი გამოირჩა, 19 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ვენდელ კარტერ ჯუნიორმა.

შემდეგ შეხვედრას „ორლანდო მეჯიქი“ 4 მარტს, „შარლოტ ჰორნეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.