ბითაძის 12 მოხსნა იოკიჩის წინააღმდეგ - გოგას „ორლანდომ“ NBA-ის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო. ფლორიდელებმა ამჯერად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედ ჩემპიონს, „დენვერ ნაგეტსს“ აჯობეს – 124:119.
ნიკოლა იოკიჩის წინააღმდეგ გოგა ბითაძეს დიდი შრომა დასჭირდა. სერბმა გიგანტმა თავისი საქმე გააკეთა, 30 ქულა, 13 მოხსნა და 12 პასი მოაგროვა, თუმცა საბოლოო შედეგით კმაყოფილი ვერც თავად იქნებოდა. Მისმა გუნდმა მიზანს ვერ მიაღწია.
მართალია, გოგა ბითაძეს არც ორმაგი და არც სამმაგი დუბლი ჰქონდა, მაგრამ მწვრთნელმა 32 წუთი ათამაშა, რა დროშიც მან დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა. საბოლოოდ, ბითაძის სტატისტიკა ასეთი იყო: 6 ქულა (5/2 ორქულიანი, 2/2 საჯარიმო), 12 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება.
„ორლანდოს“ ბომბარდირი ფრანც ვაგნერი გახდა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო. „მეჯიქს“ 10 მოგება, 5 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.