ბითაძის 11 წუთი და 4 ქულა „ჰიუსტონთან“ - გოგა ერთ-ერთ კომპონენტში ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის 11 წუთი და 4 ქულა „ჰიუსტონთან“ - გოგა ერთ-ერთ კომპონენტში ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT

„ინდიანა პეისერსი“ სახლში „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, „ჰიუსტონ როკეტსს“ ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა 132:124.

გოგა ბითაძემ ამ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა და წინა მატჩისგან განსხვავებით სტატისტიკა გააუმჯობესა. ქართველმა კალათბურთელმა 11 წუთი და 9 წამი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება დააგროვა. გოგამ თითო-თითოჯერ სცადა საშუალოდან და პერიმეტრიდან ჩაგდება, მაგრამ ზუსტი მხოლოდ ორქულიანი აღმოჩდა, ის ორჯერ დადგა საჯარიმოს ხაზთან და ორივეჯერ ბურთი კალათში მოათავსა. ბითაძე მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდა ცენტრი ერთ კომპონენტში საუკეთესო იყო. გოგას პარკეტზე ყოფნის პერიოდში „ინდიანამ“ 13-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რაც ორივე გუნდის კალათბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

რაც შეეხება თამაშს, ნეიტ ბიოკგრენის გუნდი პირველ ტაიმში იდეალურად გამოიყურებოდა და „ჰიუსტონს“ 20 ქულით გაექცა. მესამე და მეოთხე პერიოდში „როკეტსმა“ თამაშის შემოტრიალება სცადა და 12 ქულა დაქაჩა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

საინტერესოა ის, რომ ამ შეხვედრაში ოთხმა კალათბურთელმა გაიფორმა ორმაგი დუბლი. ჰიუსტონის მხრიდან ესენი იყვნენ კელი ოლინიკი 25 ქულითა და 10 მოხსნით და ქრისტიან ვუდი 25 ქულითა და 13 მოხსნით, „ინდიანადან“ კი ეს მალკოლმ ბროგდონმა და დომანტას საბონისმა მოახერხა. „პეისერსისგამთამაშებელს სულ რაღაც 1 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე, მის ანგარიშზე 23 ქულა, 13 მოხსნა და 9 პასია, ხოლო ლიეტუველმა ცენტრმა 22 ქულა, 11 მოხსნა და7 პასი მოაგროვა. მატჩში ყველაზე შედეგიანი ჯონ უოლი იყო 31 ქულითა და 9 პასით, 27 ქულა დააგროვა კარის ლევერტმა.

 

ჰიუსტონი – ინდიანა 124:132

ბითაძის გუნდმა სეზონში 26-ე გამარჯვება მოიპოვა და მერვე ადგილზე მყოფ „შარლოტ ჰორნეტსს“ ცოტათი მიუახლოვდა. შემდეგ შეხვედრას „ინდიანა“ ხვალ, 16 აპრილს „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ გამართავს.