ბითაძის 11 წუთი და უქულო შეხვედრა - „ინდიანა“ პოლ ჯორჯმა დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT 
ბითაძის 11 წუთი და უქულო შეხვედრა - „ინდიანა“ პოლ ჯორჯმა დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT 

გოგა ბითაძის „ინდიანა“ რეგულარული სეზონის შეხვედრაში ამჯერად დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტს „კლიპერსს“ დაუპირისპირდა და სახლში 115:126 დამარცხდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველ კალათბურთელს ამ შეხვედრაში თავის გამოჩენის შანსი მიეცა. გოგამ წინა შეხვედრებისგან განსხვავებით პარკეტზე შედარებით უფრო მცირე დრო გაატარა. მან 11 წუთი და 18 წამი ითამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, მატჩი უქულოდ დაასრულა. ბითაძემ მხოლოდ 2 მოხსნის (1 დაცვაში, 1 შეტევაში) და 1 დაფარების დაგროვება მოასწრო. ახალგაზრდა ცენტრმა ოთხი სროლიდან ვერცერთი გამოიყენა და მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა.

რაც შეეხება მატჩს, „კლიპერსი“ მთავარი ლიდერის, კავაი ლეონარდის გარეშე იყო დარჩენილი, შესაბამისად „პეისერსს“ შედარებით უფრო უნდა გამარტივებოდა ლოს ანჯელესელებთან თამაში, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მიუხედავად პირველ მეოთხედში ნეიტ ბიორკგრენის გუნდის მოპოვებული უპირატესობისა, პოლ ჯორჯის არაჩვეულებრივი პერფორმანსის წყალობით „კლიპერსმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

 

ინდიანა – კლიპერსი 115:126

ჯორჯს 36 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი დაუგროვდა. „ინდიანადან“ ყველაზე შედეგიანი მალკოლმ ბროგდონი იყო 29 ქულით. 26 ქულა ჰქონდა კარის ლევერტსაც. დომანტას საბონისმა კი 20 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

შემდეგ შეხვედრას „პეისერსი“ ხვალ, 15 აპრილს „ჰიუსოტნის“ წინააღმდეგ გამართავს.

დატოვე კომენტარი