ბითაძემ შანსი მაქსიმალურად გამოიყენა - NBA-მ გოგას სეზონი შეაფასა #1TVSPORT
ბითაძემ შანსი მაქსიმალურად გამოიყენა - NBA-მ გოგას სეზონი შეაფასა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ინდიანა პეისერსის“ ცენტრმა, გოგა ბითაძემ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მე-3 სეზონი გაატარა და უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ეს წელი მისთვის გამორჩეული იყო. გოგას თამაში NBA-ის ოფიციალურმა გვერდმაც შეაფასა.

„როცა გოგა ბითაძის „პეისერსში“ გატარებულ დროზე ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა არის „შესაძლებლობა“. „პეისერსშიყოფნის პერიოდში, სამი სეზონის განმავლობაში დრაფტის 2019 წლის მე-18 არჩევანი დიდი დროის განმავლობაში დომანტას საბონისისა და მაილს ტერნერის ჩრდილში იმყოფებოდა.

ეს ყველაფერი კი საბოლოოდ 2021/22 წლების სეზონის მეორე ნახევარში შეიცვალა, მას შემდეგ რაც დომანტას საბონისი „საკრამენტო კინგსში“ გაუშვეს, ხოლო მაილს ტერნერმა სეზონის დარჩენილი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა.

ბითაძეს შანსი მიეცა და 22 წლის ქართველმა ეს შანსი მაქსიმალურად გამოიყენა, სეზონის ბოლომდე კარგი სტატისტიკის მოსაპოვებლად მას ტრავმასთან ბრძოლაც უწევდა.

ბითაძის სეზონის საშუალო მაჩვენებელი, შესაძლოა, არც თუ ისე კარგად მოგეჩვენოთ – 7 ქულა და 3.5 მოხსნა, მაგრამ უფრო ღრმად თუ დავაკვირდებით დავინახავთ, თუ რამდენად პროდუქტიული იყო ის, როცა მეტი შესაძლებლობა მიიღო.

როცა სეზონის დასაწყისში საბონისი და ტერნერი ჯანმრთელები იყვნენ, ბითაძეს შეზღუდული სათამაშო დრო ჰქონდა და „ინდიანას“ პირველ 43 თამაშში პარკეტზე 10 წუთზე მეტი მხოლოდ 7 მატჩში გაატარა.

ორივე კალათბურთელის ტრავმამ პირველად მისცა გოგას შანსი თავი წარმოეჩინა – გუნდი დასავლეთ სანაპიროსკენ მიემგზავრებოდა. ის 17 იანვარს „კლიპერსთან“ მატჩში სათადარიგოდან ჩაერთო და 17 ქულასთან ერთად 8 მოხსნა დააგროვა, ბითაძემ შემდეგი შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, 13 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი დააგროვა, თავის გუნდს კი „გოლდენ სტეიტის“ დამარცხებაში დაეხმარა. „ფინიქსთან“ შეხვედრაში მან ორმაგი დუბლი გაიფორმა და 6-დან 5 შეხვედრაში მინიმუმ 10 ქულას აგროვებდა, სანამ ფეხის ტრავმა არ მიიღო.

ეს ტრავმა მთელი სეზონის განმავლობაში აწუხებდა, რის გამოც საერთო ჯამში 14 მატჩი გამოტოვა, მაგრამ თამაშის დროს თავის მაქსიმუმს აკეთებდა. სეზონის ბოლოს ბითაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ნერვის დაზიანება ჰქონდა და ტკივილი დღითი დღე მატულობდა, მაგრამ ის მაინც ახერხებდა თამაშს ისეთ დღეებში, როცა ტკივილი შედარებით მცირე იყო.

თუ სეზონის სტატისტიკას გადავხედავთ, თქვენ ვერც კი მიხვდებოდით, რომ მას რამე აწუხებდა. ბითაძე 6 მარტიდან 1-ელ აპრილამდე ზედიზედ 10 თამაშში მინიმუმ 10 ქულას აგროვებდა, მან საშუალოდ 15.8 ქულა, 6.5 მოხსნა და 1.4 დაფარება შეასრულა, თამაშიდან ისროდა 60.4% სიზუსტით, ხოლო პერიმეტრიდან 43.3%-ით.

6 მარტს „ვაშინგტონთან“ შეხვედრაში მან 20 ქულა 7-დან 7 ჩაგდებული ბურთით (3-დან 3 სამქულიანი) დააგროვა, ხოლო 23 მარტს „საკრამენტოსთან“ 20 ქულა (12-დან 9 ჩაგდებული ბურთი) და 9 მოხსნა მიითვალა. მას საუკეთესო თამაში 18 მარტს „ჰიუსტონ როკეტსის“ წინააღმდეგ ჰქონდა, როცა 23 ქულით კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა და 9-დან 9 ბურთი ჩააგდო (3-დან 3 სამქულიანი), მას ასევე 9 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა. 1:05 იყო დარჩენილი თამაშის დასრულებამდე, როცა გოგამ ჩატენვით ანგარიში გაათანაბრა და შემდეგ 19.2 წამით ადრე თავი ისევ გამოიჩინა.

 

ბითაძისთვის ეს იყო ამაღელვებელი გზა სეზონის დასასრულებლად, რამაც ხაზი გაუსვა მის ამდენ შრომასა და მოთმინებას 3 სეზონის განმავლობაში.

„ვფიქრობ, როგორც კალათბურთელი და ათლეტი განვვითარდი. ვისწავლე, როგორ უნდა მოვუარო ჩემ თავს და ვიყო მზად ყველაფრისთვის, დაველოდო შესაძლებლობას და მუდმივად ვიშრომო“, – განაცხადა ბითაძემ სეზონის ბოლოს.

გოგას თამაშის ერთ-ერთი მიმზიდველი მხარე ის არის, რომ შეტევის დროს ფარქვეშ ზონის გათავისუფლება შეუძლია. ცენტრისთვის მას კარგი სროლა აქვს, მაგრამ ამ პოტენციალს ის მისი კარიერის განმავლობაში ვერ იყენებდა. გოგა პირველი ორი სეზონის განმავლობაში სამქულიანებს 23.1% სიზუსტით ისროდა და მესამე სეზონის დასაწყისში, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდა – მან პერიმეტრიდან 40-დან 6 ბურთი ჩააგდო. თებერვლის შემდეგ კი ის 42.5%-ით ისროდა და საბოლოო ჯამში, გამოავლინა ის პოტენციალი, რაც სკაუტებს ჰქონდათ შემჩნეული.

გოგამ სეზონის დასაწყისში მძიმე ფორვარდის პოზიციაზეც ითამაშა. „პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა, რიკ კარლაილმა ბითაძისა და საბონისის შეწყვილებით, წლის დასაწყისში გარკვეულ წარმატებას მიაღწია, რაც იმას ნიშნავდა, რომ მომავალში გოგას ტერნერთან ან ჯექსონთან ერთად თამაშიც შეუძლია.

ბითაძეს საკმაოდ დატვირთული ზაფხული ელის. ის ცოტა ხანი დაისვენებს, რომ ტრავმა მოიშუშოს, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდება, სადაც ორ დიდ ტურნირზე ითამაშებს – მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო აგვისტოში, შემდეგ კი ევრობასკეტი, სადაც საქართველო ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა.

თუ ბითაძე ამ ტურნირებზე ისე ითამაშებს, როგორც სეზონის ბოლოს „ინდიანაში“, მაშინ მსოფლიო მას უკეთ გაიცნობს.“