17 ქულა და კარიერის რეკორდი - ბითაძის ბრწყინვალე მატჩი „კლიპერსთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
17 ქულა და კარიერის რეკორდი - ბითაძის ბრწყინვალე მატჩი „კლიპერსთან“ [ვიდეო] #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ სათამაშო დღეს „კლიპერსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 133-139 დამარცხდა.

რიკ კარლაილის გუნდს ამ შეხვედრაში ძირითადი ცენტრი, მაილს ტერნერი აკლდა და გოგას წინა შეხვედრებისგან განსხვავებით მეტი სათამაშო დრო მიეცა.

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრმა 24:37 წუთი ითამაშა და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. გოგამ „კლიპერსთან“ შეხვედრაში 17 ქულა დააგროვა, რაც NBA-ში მისი რეკორდია. მან ასევე 8 მოხსნა (5 შეტევაში), 2 პასი და 2 დაფარება დააგროვა. ბითაძე საკმაოდ მაღალი პროცენტით ისროდა და 1-დან 1 სამქულიანი, 8-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. ის ერთხელ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი. აღსანიშნავია, რომ გოგას პარკეტზე ყოფნის პერიოდში „ინდიანამ“ მეტოქეს 19 ქულით მოუგო, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო.

 

ლოს ანჯელესელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და პირველ მეოთხედში 13 ქულით წინ გავიდნენ, დიდ შესვენებამდე რიკ კარლაილის გუნდმა სხვაობა 9 ქულამდე დაიყვანა. მესამე მეოთხედი „კლიპერსმა“ 5 ქულით მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ „პეისერსი“ ბოლო პერიოდში უპირატესობას ფლობდა და თამაშის შემოტრიალებაც შეეძლო, გოგას გუნდი მაინც დამარცხდა.

შემდეგ შეხვედრას „ინდიანა პეისერსი“ 20 იანვარს „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ წინააღმდეგ გამართავს.