16 ქულა, ორმაგი დუბლი და რეკორდი - ბითაძის სუპერმატჩი კონფერენციის ლიდერთან [ვიდეო] #1TVSPORT
16 ქულა, ორმაგი დუბლი და რეკორდი - ბითაძის სუპერმატჩი კონფერენციის ლიდერთან [ვიდეო] #1TVSPORT

„ინდიანა პეისერსიNBA-ის რეგულარულ სეზონში ორი მოგების შემდეგ, დასავლეთ კონფერენციის ლიდერს, „ფინიქს სანსს“ დაუპირისპირდა და 103-113 დამარცხდა.

გოგა ბითაძე ზედიზედ მეორე შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და ამჯერადაც იმედები გაამართლა. ქართველმა კალათბურთელმა „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ NBA-ში სარეკორდო 35:08 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლიც დააგროვა. მის ანგარიშზე 16 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში), 2 პასი და 1 დაფარებაა. გოგამ 11-დან 6 ორქულიანი და 5-დან 4 ერთქულიანი ჩააგდო, პერიმეტრიდან კი 3-ჯერ ისროლა და უშედეგოდ, მან ერთხელ დაკარგა ბურთი და 3-ჯერ დაჯარიმდა. ბითაძემ თავის გუნდელებთან შედარებით ყველაზე მეტი დრო გაატარა პარკეტზე და მასზე მეტი ქულა მხოლოდ კრის დუარტემ და ლენს სტივენსონმა დააგროვეს (ორივეს 17-17 ქულა ჰქონდა).

 

შეხვედრის პირველი მეოთხედი „ინდიანას“ სასარგებლოდ დასრულდა, მაგრამ გასული სეზონის ფინალისტებმა მეორე და მესამე მეოთხედებში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში რიკ კარლაილის გუნდმა 8 ქულით მოიგო, 10 ქულით დამარცხდნენ. საუკეთესო ამ შეხვედრაში 23 ქულით მიკალ ბრიჯისი იყო, 21 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ბისმაკ ბიომბომ, კრის პოლის ანგარიშზე კი 18 ქულაა.

შემდეგ შეხვედრას „ინდიანა პეისერსი“ 25 იანვარს „ნიუ ორლეანს პელიკანსის“ წინააღმდეგ გამართავს.

დატოვე კომენტარი