ბითაძე კარიერის რეკორდით დაბრუნდა - გოგას 23 ქულა და ასპროცენტიანი შედეგი [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძე კარიერის რეკორდით დაბრუნდა - გოგას 23 ქულა და ასპროცენტიანი შედეგი [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. „ინდიანა პეისერსი“ ამჯერად „ჰიუსტონ როკეტსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 121-118 დაამარცხა.

გოგა ბითაძე პარკეტს 2 მატჩის გამოტოვების შემდეგ დაუბრუნდა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და კარიერის გამორჩეული მატჩი ჩაატარა. მან 26:14 წუთი ითამაშა და 23 ქულა დააგროვა, რაც მისი რეკორდია. გოგას ანგარიშზე ასევე 9 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. ქართველი ცენტრი თამაშიდან შესანიშნავი სიზუსტით ისროდა და 9-დან 9 ბურთი ჩააგდო. მან 3-დან 3 სამქულიანი და 6-დან 6 ორქულიანი გამოიყენა, საჯარიმოს ხაზიდან კი 4-დან 2 ბურთი ჩააგდო. ის მეტოქის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი.

შეხვედრა დაძაბული და დრამატული გამოდგა. მეოთხე მეოთხედამდე რიკ კარლაილის გუნდი 13 ქულით აგებდა. ბოლო პერიოდში „პეისერსმა“ თამაში შემოატრიალა, რაც დიდწილად ბითაძეს დამსახურებაა. როცა ანგარიში „როკეტსის“ სასარგებლოდ იყო 113-115, გოგამ ზედიზედ ორი ქულა+ჯარიმა გამოიმუშავა, თავის გუნდს 4 ქულა მოუტანა და წინ გაიყვანა. საბოლოო ჯამში კი „ინდიანამ“ მეტოქეს 3 ქულით მოუგო.

 

შემდეგ შეხვედრას გოგა ბითაძის გუნდი ხვალ, 23:30-ზე „პორტლენდის“ წინააღმდეგ გამართავს.