ბითაძე განვითარების ლიგაში - გოგა „პეისერსის“ G ლიგის გუნდს დაემატება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და „ინდიანა პეისერსის“ 22 წლის კალათბურთელი, გოგა ბითაძე G ლიგის გუნდში „ფორტ ვეინ მედ ანტსში“ ითამაშებს, – ამის შესახებ ოფიციალურად ორივე გუნდმა დაადასტურა.
ქართველ კალათბურთელს რიკ კარლაილის გუნდში მისვლის შემდეგ სათამაშო დრო საგრძნობლად შეუმცირდა და ხშირ შემთხვევაში თამაშიც არ უწევდა. ბითაძემ ამ სეზონში „ინდიანას“ შემადგენლობაში 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 2.6 ქულასა და 2.4 მოხსნას აგროვებდა.
გოგას, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნება თავი ძირითად გუნდშიც გამოიჩინოს. შეგახსენებთ, რომ განვითარების ლიგაში კიდევ ორი ქართველი კალათბურთელი თამაშობს. სანდრო მამუკელაშვილი „მილუოკი ბაქსთან“ ერთად, მის G ლიგის გუნდში „ვისკონსინ ჰერდში“ თამაშობს, გიორგი ბეჟანიშვილი კი „დენვერ ნაგეტსის“ „გრანდ რაპიდს გოლდის“ ღირსებას იცავს.