ბირთვული იარაღის მქონე ხუთი სახელმწიფო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
ბირთვული იარაღის მქონე ხუთი სახელმწიფო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ბირთვული ომის პრევენციისა და შეიარაღების რბოლის თავიდან აცილების შესახებ ბირთვული იარაღის მქონე ხუთი სახელმწიფო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და რუსეთის ფედერაცია ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის ომის თავიდან აცილებას და სტრატეგიული რისკების შემცირებას თავის უპირველეს პასუხისმგებლობად მიიჩნევენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული არც ერთი მხარე არ იქნება, რადგან ბირთვული იარაღის გამოყენება სერიოზული შედეგების მომტანი იქნება.

სახელმწიფოები ადასტურებენ, რომ ბირთვული იარაღი უნდა ემსახურებოდეს თავდაცვით მიზნებს, უნდა შეაჩეროს აგრესია და თავიდან აიცილოს ომი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ასეთი სახის იარაღის გავრცელება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

განცხადების მიხედვით, სახელმწიფოები ადასტურებენ ბირთვული საფრთხეების მნიშვნელობას და ხაზს უსვამენ ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების, ვალდებულებების შენარჩუნებას ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის, განიარაღებისა და კონტროლის სფეროში. ამასთან, თითოეული მხარე ვალდებულებას იღებს, შეინარჩუნოს და უფრო გააძლიეროს ეროვნული ზომები ბირთვული იარაღის უნებართვო ან უნებლიე გამოყენების თავიდან ასაცილებლად.

მხარეები ვალდებულებას იღებენ, იმუშაონ ერთად უსაფრთხო გარემოს შექმნის და ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს აშენების მიმართულებით.

ამასთან, მხარეები პირობას დებენ, გააგრძელონ ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიური მიდგომების ძიება, რათა გააძლიერონ ურთიერთნდობა, ურთიერთგაგება და თავიდან იქნას აცილებული სამხედრო დაპირისპირება და შეიარაღების რბოლა.