ბირთვულ განიარაღებაზე უარის შემთხვევაში, აშშ-ში ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას განიხილავენ
ბირთვულ განიარაღებაზე უარის შემთხვევაში, აშშ-ში ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას განიხილავენ

იმ შემთხვევაში, თუ ფხენიანი სრულ ბირთვულ განიარაღებას არ დათანხმდება, ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას განიხილავს. ამის შესახებ ჯონ ბოლტონმა განაცხადა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ფხენიანმა ბირთვულ შეიარაღებაზე უარი უნდა თქვას. უფრო მეტიც, მან უნდა უარყოს ყველაფერი რაც აღნიშნულ საკითხთან ასოცირდება.

„თუ ისინი ასე არ მოიქცევიან, ჩვენ ეკონომიკურ აკრძალვებს არ გავაუქმებთ, დონალდ ტრამპი ასეთ შემთვევაში სანქციების გაფართოებას განიხილავს,“ – განაცხადა ჯონ ბოლტონმა „ფოქსთან“ ინტერვიუში.

27-28 თებერვალს ჰანოიში დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა გაიმართა. ამერიკის შეერთებული შტატების და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ იმსჯელეს, თუმცა კონკრეტულ შედეგს ვერ მიაღწიეს. აზრთა სხვადასხვაობის გამო მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ჰანოიში შეხვედრიდან რამდენიმე დღეში სამხრეთ კორეის ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ ფხენიანმა დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის პირველი სამიტის შემდეგ დახურული სარაკეტო ბირთვული ობიექტი ხელახლა აამუშავა.