ბირ-ელ-კუტის მონასტერში საქართველოს ისტორიულ-რელიგიური კვალის შესწავლა დაიწყო
ბირ-ელ-კუტის მონასტერში საქართველოს ისტორიულ-რელიგიური კვალის შესწავლა დაიწყო

ქალაქ იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბირ-ელ-კუტის მონასტერში საქართველოს ისტორიულ-რელიგიური კვალის შესწავლის პროცესი დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო პროცესი ამ ეტაპზე არქიტექტურული კომპლექსის შემორჩენილი ნაშთების აზომვასა და ციფრულ სკანირებას მოიცავს.

სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, არქეოლოგიური კვლევის სამუშაოები მომდევნო წლის გაზაფხულიდან სრული მასშტაბით გაგრძელდება.

შუალედური პერიოდი არქეოლოგიური პროექტის შემუშავებას დაეთმობა, რასაც წინამოსამზადებელ ეტაპზე მიღებული მონაცემები დაედება საფუძვლად. წმინდა მიწაზე არქეოლოგიურ ექსპედიციას ქართულ-პოლონურ-ებრაული სამეცნიერო ჯგუფი ერთობლივად განახორციელებენ.

საერთაშორისო ექსპედიცია ქართველი მკვლევარის – თამილა მგალობლიშვილის სახელს მიეძღვნება და მას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი გაგოშიძე უხელმძღვანელებს.

სამეცნიერო კვლევა-ძიებისა და რესტავრაცია-კონსერვაციის პროექტი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტს შორის მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე წარიმართება.

ისტორიულ-რელიგიური კვალის შესწავლის პროცესი საქართველოს მხრიდან ბიზნეს გაერთიანება „სილქ როუდ ჯგუფის“ მხრიდანაც იქნება მხარდაჭერილი, რომელიც სამომავლოდ არქიტექტურული კომპლექსის საკონსერვაციო, საექსპოზიციო და ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოებს დააფინანსებს.

ისრაელში ერთობლივად განსახორციელებელ პროექტთან ერთად, ქართულ-ებრაული მემორანდუმი პარტნიორული ურთიერთობების სხვა მიმართულებებსაც განავითარებს, რაც უპირატესად ქართველი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს.

მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, მომდევნო წელს სააგენტოს ზედამხედველობისა და არქეოლოგიური სამსახურების თანამშრომლები ტრენინგის კურსს არქეოლოგიური ობიექტების მონიტორინგისა და ინსპექტირების განხრით გაივლიან.

სასწავლო პროგრამა წყალქვეშა არქეოლოგიასაც მოიცავს და მასში ახალგაზრდა ქართველი არქეოლოგები ჩაერთვებიან.

ორი ქვეყნის უწყებებს შორის აქტიური თანამშრომლობის პლატფორმა მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან დაფუძნდა. ის საქართველოსა და ისრაელის საერთო ინტერესის მქონე მემკვიდრეობის ერთობლივ კვლევას, დაცვასა და პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

ისრაელში ქართული საისტორიო კერების კვლევის შესაძლებლობებზე შეთანხმებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ ისრაელში ვიზიტისას ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტთან და ფრანცისკანულ ეკლესიასთან მოლაპარაკებების შედეგად მიაღწია.

იერუსალიმში მეხუთე საუკუნის ქართული მონასტერი, ბირ-ელ-კუტი ბეთლემის მახლობლად, ხირბეთ სიიარ ალ-ღანამის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.

პეტრე იბერის მიერ ის დაახლოებით 444 წელსაა აგებული. მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა იყო ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გარდა პეტრე იბერისა, აქ მოღვაწეობდნენ იოანე ლაზი და სირია-პალესტინაში მყოფი სხვა ქართველი ბერები.

მონასტრის ნანგრევები 1952 წელს აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა, ვირჯილიო კორბომ. სწორედ მაშინ გამოვლინდა მოზაიკით შესრულებული ქართული ასომთავრული უადრესი წარწერები [430 წ.], რომლებიც ამჟამად ფრანცისკანელთა მუზეუმში ინახება.