ბიორნ იონსენი - ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობა გაძლიერდა და „ომონიასთან“ სათამაშოდ მზად ვართ #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელმა, ბიორნ იონსენმა უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის „ომონიასთან“ მოახლოებული პირველი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ ვითამაშეთ. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენს კლუბში ბევრი რამ შეიცვალა – გვყავს ახალი მწვრთნელი, უფრო ძლიერი შემადგენლობა და განსხვავებული ფილოსოფიით ვთამაშობთ. მოტივაცია არ გვაკლია და „ომონიასთან“ სათამაშოდ მზად ვართ.
მიზნები ნათლად გვაქვს განსაზღვრული – გვსურს შემდეგ ეტაპზე გასვლა და მზად ვართ იმ ბრძოლისთვის, რომელიც წინ გველის. წინა რაუნდში კარგად გამოვიყურებოდით, განსაკუთრებით ტაქტიკური თვალსაზრისით.
რაც შეეხება სტადიონზე არსებულ ატმოსფეროს, გასულ წელს „ომონიასთან“ მატჩის გამოცდილება დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ რას უნდა ველოდოთ“, – განაცხადა იონსენმა.
კონფერენს ლიგაზე „ომონიისა“ და „ტორპედოს“ შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.