„ბიონტექი“ და „ფაიზერი“ ევროკავშირს ვაქცინის დამატებით დოზას მიაწვდის
„ბიონტექი“ და „ფაიზერი“ ევროკავშირს ვაქცინის დამატებით დოზას მიაწვდის

„ბიონტექი“ და „ფაიზერი“ ევროკავშირს ვაქცინის დამატებით 75 მილიონ დოზას მიაწვდის. კომპანიების განცხადებით, ისინი ევროკავშირისთვის ვაქცინის მიწოდებას გაზრდიან და გაზაფხულზე ორგანიზაციას ვაქცინის 75 მილიონ დოზას მიაწვდიან. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

როგორც „ბიონტექისა“ და „ფაიზერის“ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი პირველ კვარტალში ევროკავშირისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოზების მიწოდებასთან ერთად მეორე კვარტალში დამატებით 75 მილიონი დოზის მიწოდებას უზრუნველყოფენ.

ევროკავშირს „ბიონტექისა“ და „ფაიზერის“ ჯამში 600 მილიონი ვაქცინის დოზა აქვს შეკვეთილი. კომპანიების თქმით, პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული წინსვლები მათ მიწოდების დაჩქარების შესაძლებლობას მისცემს.

გარდა ამისა, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, „ასტრაზენეკა“ ევროკავშირისთვის ვაქცინების მიწოდების 30 პროცენტით გაზრდაზე დათანხმდა. „გარდიანის“ ინფორმაციით, ვაქცინის მიწოდება თებერვლის მეორე კვირიდან დაიწყება.