ბინის მიღების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგი 18 მაისიდან განახლდება
ბინის მიღების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგი 18 მაისიდან განახლდება

დევნილთა სააგენტო თბილისში ბინის მიღების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგის პროცესს 18 მაისიდან განაახლებს, – ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მონიტორინგის ჯგუფების მუშაობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და დევნილი ოჯახების უსაფრთხოების მაქსიმალურად დასაცავად, დროებით შეჩერებული იყო.

„დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას კიდევ 252 დევნილ ოჯახს გადასცემს.

ამ ეტაპზე, 212 სამოთახიანი და 40 ერთოთახიანი ბინა ნაწილდება. დამატებით, თბილისში, უკვე შესყიდულია 500-მდე ბინა, რომელთა დიდ ნაწილი ოროთახიანია. აღნიშნული ბინები დევნილ ოჯახებს განსახლების მეორე ეტაპზე გადაეცემათ“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე ცნობით, ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განსაზღვრა, თუ რამდენოთახიან ბინაზე რამდენქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს:

ერთოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ექვსი ან მეტი ქულა;

სამოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სამი ან მეტი ქულა.

სამინისტროს ცნობით, 18 მაისიდან, ასევე, განახლდება იმ იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგის პროცესი, რომლებსაც განაცხადი „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში აქვთ შევსებული.