ბინალი ილდირიმი - ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით თურქეთი თავდაცვიდან თავდასხმაზე გადავიდა
ბინალი ილდირიმი - ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით თურქეთი თავდაცვიდან თავდასხმაზე გადავიდა

თურქეთმა, ტერორიზმის აღმოსაფხვრელად  ხმელთაშუა ზღვიდან ევფრატის დასავლეთამდე 400 კილომეტრი ტერიტორია გაწმინდა,- ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ბინალი ილდირიმის თქმით, თურქეთი აშშ-სთან ერთად იმუშავებს სირიის ქალაქ მანბიჯში, თუმცა ანკარა ევფრატის აღმოსავლეთით საფრთხის არსებობას არ შეეგუება.

„ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით თურქეთმა პოლიტიკა შეცვალა და თავდაცვიდან თავდასხმაზე გადავიდა. ეს 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიწყო. თურქეთის ჯარები ამჟამად ერაყის ტერიტორიაზე, ირანის საზღვრიდან 350 კილომეტრში არიან, მათ შორის ქანდილის მთებში. ჩვენი ურთიერთობები აშშ-სთან დარეგულირდება, თუმცა ვაშინგტონმა ამისთვის გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას“, – აღნიშნა ილდირიმმა.

თურქეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, საგანგებო მდგომარეობა 9 ივლისს, მინისტრთა კაბინეტის გამოცხადების შემდეგ მოიხსნება, თუმცა კონტრტერორისტული საფრთხეების გასანეიტრალებლად, შესაბამისი განკარგულება გამოიცემა.