„ბილდი“ - თურქეთსა და საბერძნეთს შორის 21 ივლისს სამხედრო კონფრონტაცია ანგელა მერკელმა აღკვეთა
თურქეთსა და საბერძნეთს შორის 21 ივლისს სამხედრო კონფრონტაცია გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აღკვეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ორივე ქვეყნის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდები და სამხედრო თვითმფრინავები მზადყოფნის რეჟიმში იყვნენ მას შემდეგ, რაც თურქეთმა საბერძნეთის კუნძულ კასტელორიზოზე საკვლევი გემის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო, რათა გაზისა და ნავთობის სადაზვერვო სამუშაო შეესრულებინა. 21 ივლისს საბერძნეთის ფლოტში განგაში გამოცხადდა და პარალელურად 18 თურქული გემი უკვე კუნძულისკენ მიემართებოდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთი დღით ადრე საბერძნეთის კუნძულის თავზე თურქეთის არმიის ორმა „ეფ 16“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა გადაიფრინა.
„ბილდის“ ცნობით, ესკალაციის ზრდის ფონზე, ანგელა მერკელმა ტელეფონით დაურეკა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს, რის შემდეგაც თურქეთის ფლოტმა კურსი შეცვალა.