„ბილდი“ - გერმანია სამხედრო ექიმებს შესაძლო ომისთვის ამზადებს
„ბილდი“ - გერმანია სამხედრო ექიმებს შესაძლო ომისთვის ამზადებს

გერმანია სამხედრო ექიმებს შესაძლო ომისთვის ამზადებს, – ამის შესახებ გამოცემა „ბილდი“ იუწყება. მათივე ცნობით, ბუნდესვერმა მოამზადა გერმანიის შეიარაღებული ძალების სპეციალური ანგარიში, რომელშიც 200 ექსპერტი მონაწილეობს, მათ შორის სამხედრო პერსონალი და სამედიცინო მუშაკები.

გამოცემა წერს, რომ ანგარიში პირველად ქვეყნის საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის მკაცრ მითითებებს გასცემს.

„მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში გერმანია ყოველდღიურად დაახლოებით 1000 დაჭრილ ჯარისკაცს მიიღებს. გარდა ამისა, იქნება მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. ეს სამედიცინო პერსონალსა და სხვა პაციენტებზე მძიმე ფიზიკურ და ფსიქოსოციალურ ზეწოლას გამოიწვევს“, – წერს გამოცემა.

ექსპერტების აზრით, გერმანიის ჯანდაცვის სისტემა ამ ყველაფრისთვის მხოლოდ ზომიერად არის მომზადებული.

„პასუხისმგებლობა ბუნდოვანია, მიწოდების ჯაჭვები ძალიან დაუცველია და საკომუნიკაციო არხები არაკოორდინირებულია. აფთიაქები ძალიან ცოტა მედიკამენტს აგროვებენ. ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ: დავიცვათ საავადმყოფოები, აფთიაქები და ფარმაცევტული მწარმოებლები ძარცვისა და განადგურებისგან და უსაფრთხოების მიზნით სამკურნალო დაწესებულებები მიწისქვეშ გადავიტანოთ. სკოლები და სპორტული დარბაზები გამოვიყენოთ დაჭრილების შეგროვების პუნქტებად. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები მოვამზადოთ ომის დროს მიღებული დაზიანებების მკურნალობაში. შევამციროთ საავადმყოფოების ბიუროკრატია 20-25%-ით მეტი პაციენტის განსათავსებლად. შევქმნათ მედიკამენტების მარაგი. ვაკანსიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სხვა რეგიონებიდან (მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკა) სისხლის დონაციის ორგანიზება. გავამარტივოთ შეფუთვის მოთხოვნები და წამლების ეტიკეტირება. გავაძლიეროთ სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის სასწავლო წვრთნები. შევქმნათ სწრაფი ჯანდაცვის სისტემა საგანგებო სიტუაციებისთვის“, – წერია სტატიაში.