„ბილდი“ – გერმანია აეროპორტში დრონით თავდასხმის შემდეგ ანტისაბოტაჟური ფარის შექმნას გეგმავს

13:51, 06.09.2026

გერმანია აეროპორტში დრონით თავდასხმის შემდეგ ანტისაბოტაჟური ფარის შექმნას გეგმავს, – ამის შესახებ სტატიას „ბილდი“ აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, გეგმის მიხედვით, შეიქმნება ზომების ფართო პაკეტი, რათა გააძლიეროს თავდაცვა დრონების თავდასხმების, კიბერშეტევებისა და რუსული დივერსიის სხვა ფორმებისგან. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გასულ თვეში ლაიფციგის აეროპორტზე დრონებით თავდასხმა გახდა.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა გამოცემას განუცხადა, რომ რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმები ყოველდღიური რეალობის ნაწილი გახდა.

„ეს თავდასხმები გახშირდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, თავი დავიცვათ“, – განაცხადა მან.

მინისტრის თქმით, შეიქმნება ეროვნული თავდაცვითი ფარი, ე.წ. კიბერგუმბათი, რომელიც მოიცავს ციფრული სენსორების ქსელს და რომელიც შექმნილია ჰაკერული თავდასხმების მცდელობის აღმოსაჩენად და გასანეიტრალებლად.

ცნობისთვის, პირველ სექტემბერს გერმანიამ ოფიციალურად დააკისრა პასუხისმგებლობა მოსკოვს 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ლაიფციგის აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი სამი დრონი აღმოაჩინეს.

გერმანიამ საპასუხო დიპლომატიური ზომები გამოაცხადა. რუსეთი მომხდარში მონაწილეობას უარყოფს.

მსგავსი