ბილ გეიტსი აცხადებს, რომ ვაქცინასა და მიკროჩიპებთან დაკავშირებით მის შესახებ გავრცელებული კონსპირაციული თეორიები „სულელურია“
ბილ გეიტსი აცხადებს, რომ ვაქცინასა და მიკროჩიპებთან დაკავშირებით მის შესახებ გავრცელებული კონსპირაციული თეორიები „სულელურია“

ამერიკელი მილიარდერი და ფილანტროპი ბილ გეიტსი აცხადებს, რომ ვაქცინასა და მიკროჩიპებთან დაკავშირებით მის შესახებ გავრცელებული კონსპირაციული თეორიების უარყოფა რთულია, რადგან ისინი „სულელური“ ან „უცნაურია“.

ამის შესახებ ბილ გეიტსმა რამდენიმე საერთაშორისო მედიასაშუალებასთან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, ბილ გეიტსი აღნიშნავს, რომ მას აშფოთებს ამ „გიჟური იდეების“ არსებობა.

„თუ შევხედავთ ყველა ამ ჭორსა და მეცნიერების საწინააღმდეგო განცხადებებს, რომლებიც არსებობს, დიახ, ეს იწვევს ადამიანებს შორის მტრობის გაღვივებას. მაშფოთებს ის, რომ ასეთ დროში მთელი ამ სიგიჟისთვის გამოიყენება ციფრული ინსტრუმენტები. როდესაც საბოლოოდ, გვექნება ვაქცინა, ჩვენ უნდა მივაღწიოთ კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, რომ მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი იყოს ვაქცინირებული. თუმცა თუ ისინი იფიქრებენ, რომ ეს არის აფერა ან რომ ეს ვაქცინა მავნებელია და ადამიანები არ მოისურვებენ ვაქცინაციას, დაავადება ადამიანების მოკვლას გააგრძელებს.

ასე რომ, მე მაშფოთებს ამ გიჟური იდეების არსებობა. და გარკვეულწილად მაკვირვებს, რომ ამ თეორიების ნაწილი ჩემ შესახებაა. ჩვენ ფულად შემოწირულობას ვაკეთებთ ინსტრუმენტის შესაქმნელად, ვუწერთ ჩეკებს ფარმაცევტულ კომპანიებს“, – აღნიშნა ბილ გეიტსმა.

„კარგია იმის ცოდნა, თუ რომელ ბავშვებს ჩაუტარდათ წითელას ვაქცინა და რომლებს არა“, – განაცხადა გეიტსმა და აღნიშნა, რომ არსებობს საჭირო სისტემები, როგორიცაა სამედიცინო ჩანაწერები, რომლებიც ეხმარება მედიკოსებს იმის განსაზღვრაში, თუ ვის ჩაუტარდა იმუნიზაცია, თუმცა ამასთან მიკროჩიპებს კავშირი არ აქვთ.

„ჩვენი ფონდი შოულობს ფულს ვაქცინების შესაძენად. სწორედ ამიტომ დავინახეთ პანდემიის რისკი და ამის შესახებ ხმამაღლა განვაცხადეთ“, – აღნიშნა მილიარდერმა.