ბიძინა კულუმბეგოვი - შეზღუდვები მკვეთრად თუ გამარტივდება, დიდი ალბათობით, ახალი წლის შემდეგ ყოველდღიურად, საშუალოდ 6 000-მდე შემთხვევა იქნება
ბიძინა კულუმბეგოვი - შეზღუდვები მკვეთრად თუ გამარტივდება, დიდი ალბათობით, ახალი წლის შემდეგ ყოველდღიურად, საშუალოდ 6 000-მდე შემთხვევა იქნება

თუ შეზღუდვები მკვეთრად გამარტივდება, ძალიან დიდი ალბათობით, ახალი წლის შემდგომ საქართველოში ყოველდღიურად, საშუალოდ 6 000-მდე შემთხვევა იქნება, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენი სახელმწიფო და მსოფლიოს არაერთი ქვეყანა ეყრდნობა ძალიან ავტორიტეტულ ორგანიზაციას, განსაზღვროს პროგნოზები. ეს არის სიეტლის ჯანმრთელობათა გაზომვების ინსტიტუტი. თუ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში მათ პროგნოზირებას შევხედავთ, ეს ასეა, რომ თუ ქვეყანა სვლას იგივე პროექციით გააგრძელებს, რაშიც ახლა ვიმყოფებით და ამ სიტუაციიდან ამოვარდნა არ იქნება, გვაქვს შესაძლებლობა, რომ იანვრის დასაწყისში, დაახლოებით, 2 800-2 900 შემთხვევამდე მივიდეთ, სტაბილურად, მაგრამ თუ ეს დაირღვევა და შეზღუდვები მკვეთრად გამარტივდება, ძალიან დიდი ალბათობით, ახალი წლის შემდეგ საქართველოში ყოველდღიურად, საშუალოდ, 6 000-მდე შემთხვევა იქნება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ბიზნესთან რამე ტიპის კომპრომისზე წავიდეს, ამ შემთხვევაში აქ უნდა იყოს წერტილოვანი, სწორი არჩევანი.

„მაგალითად, შეიძლება, რამდენიმე დღით გახსნის უფლება მისცე მაღაზიას, რომელსაც შეუძლია, რიგები აკონტროლოს და ამაზე ვალდებულებას აიღებს, რომელსაც ქუჩიდან აქვს შესასვლელი და გარეთ დაგროვილი ადამიანები შენობის შიგნით ერთად არ იქნებიან. ეს ინდივიდუალურად უნდა განსაზღვრონ. თუ ხელისუფლება ასე იმსჯელებს, ბიზნესის დამყოლობაც მეტი იქნება, რადგან მათ მეტი არგუმენტაცია სჭირდებათ. მესმის, რომ ითხოვენ – თუ გვზღუდავთ, გვითხარით, რა ეპიდემიოლოგიურ და კლინიკურ ეფექტს ელოდებით ჩვენი ასე ვთქვათ, გაპარტახებისგანო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ამ ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია ჰქონდეს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა მოსახლეობას მიმართა, ანტიბიოტიკები ხელაღებით არ გამოიყენონ, განსაკუთრებით, ინფიცირების დასაწყის დღეებში.

„იმიტომ, რომ ანტიბიოტიკების მილსადენი დამშრალია, ამ მილსადენიდან მსოფლიოში არაფერი არ მოდის და თუ ჩვენ ეს ძვირფასი ანტიბიოტიკები ასე ხელაღებით გამოვიყენეთ, შეიძლება, კოვიდის შემდგომ ხანაში, პრაქტიკულად, მათ გარეშე დავრჩეთ და ისეთი სერიოზული პრობლემები მივიღოთ, რომლის შედარებაც კოვიდთან დღეს უკვე არ შეიძლება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.