ბიძინა კულუმბეგოვი - მოსახლეობა აუცილებელ რეკომენდაციებს თუ დაიცავს, შემზღუდველი ღონისძიებების შემსუბუქება ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, ქვეყანას ძლიერ დარტყმას არ მიაყენებს
ბიძინა კულუმბეგოვი - მოსახლეობა აუცილებელ რეკომენდაციებს თუ დაიცავს, შემზღუდველი ღონისძიებების შემსუბუქება ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, ქვეყანას ძლიერ დარტყმას არ მიაყენებს

იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თუკი მოსახლეობა აუცილებელ რეკომენდაციებს დაიცავს, შემზღუდველი ღონისძიებების შემსუბუქება ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, ქვეყანას ძლიერ დარტყმას არ მიაყენებს.

როგორც კულუმბეგოვმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ეპიდემიის კონტროლისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია რეპროდუქციული ინდექსი, რასაც მთელ მსოფლიოში მიმართავენ.

„ხელის ხშირი ჰიგიენა, პირბადის ტარება, სოციალური აქტივობების გაკონტროლება იქნება იმის გარანტია, რომ ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით, არანაირი გახსნითი ღონისძიებები ძლიერ დარტყმას არ მოგვაყენებს.

შემზღუდავი ღონისძიებების შემსუბუქება რასაკვირველია, გარკვეულად ქმნის რისკს, რომ შესაძლოა, ეპიდემიის ტრაექტორია რაღაც ეტაპის, სამი ოთხი კვირის შემდეგ ცოტა ზემოთ წავიდეს. მაგრამ ჩვენ ერთი რამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მნიშვნელოვანი, ღირებულია, ანუ ეპიდემიის კონტროლი მთელ მსოფლიოში რეპროდუქციული ინდექსის მიხედვით ხდება. ვირუსის რეპროდუქციული ინდექსი თუ ჩამოცდება ნიშნულს ერთს, ეს ნიშნავს, რომ პანდემია სრულდება. ანუ ვირუსი არ ვრცელდება. თუ ის არის ერთზე მეტი, ნიშნავს, რომ ვირუსი ვრცელდება საზოგადოებაში. ხელის ხშირი ჰიგიენა, პირბადის ტარება, ამ სოციალური აქტივობების გაკონტროლება იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენ არანაირი გახსნითი ღონისძიებები ძლიერ დარტყმას არ მოგვაყენებს ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით. სხვა ყველა შემთხვევაში, აუცილებლად გაიზრდება მობილობა ადამიანების, რეპროდუქციული ინდექსი ისევ ავარდება ერთ ნახევარზე და ვირუსის გავრცელება სამწუხაროდ, მიაღწევს იმ მაჩვენებელს, რომელიც ჩვენ გვქონდა შემოდგომაზე“, – განაცხადა  ბიძინა კულუმბეგოვმა.