ბიძინა კულუმბეგოვი - ორი განსაკუთრებული თვე იქნება, დეკემბერი და იანვრის პერიოდი, როცა გარკვეულად შეზღუდვები იმოქმედებს
ბიძინა კულუმბეგოვი - ორი განსაკუთრებული თვე იქნება, დეკემბერი და იანვრის პერიოდი, როცა გარკვეულად შეზღუდვები იმოქმედებს

კონკრეტულად, რა შეზღუდვები იმოქმედებს, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს და ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც შეეძლება კონკრეტულად ხალხს გააცნოს, ეს იქნება საკოორდინაციო საბჭო, – ამის შეასხებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამედიცინო სექტორის ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მსჯელობა იყო ყველა იმ საკითხზე, რომელიც შექმნილ ეპიდვითარებას შეეხება.

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, შეზღუდვებთან დაკავშირებით საუბარია ორ თვეზე – დეკემბერსა და იანვარზე.

„მსჯელობა იყო ყველა იმ საკითხზე, რომელიც ეპიდემიას შეეხება და რასაკვირველია იმაზე, თუ რა იქნება ყველაზე სასურველი შესაძლო ღონისძიება, რომელიც ამ ეპიდემიის ძალიან დრამატულად მიმდინარე ტრაექტორიაზე ზეგავლენას მოახდენს. მთავარი საპირწონე გახლავთ, ყველაფერი მოხდეს ისე, რომ წერტილოვანი შეზღუდვები იყოს მინიმალური ეკონომიური გავლენის და ეპიდემიის ტრაექტორიაზე მაქსიმალური შესაძლებლობას მოგვცეს.

რა თქმა უნდა, ორი განსაკუთრებული თვე იქნება – დეკემბერი და იანვრის პერიოდი, როცა გარკვეულად ეს შეზღუდვები იმოქმედებს. კონკრეტულად, რა შეზღუდვები იმოქმედებს, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს და ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც შეეძლება კონკრეტულად ხალხს გააცნოს, ეს იქნება საკოორდინაციო საბჭო.

შეთავაზება არის ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც ადამიანების მობილობაზე გავლენას ახდენს; ეს არის – ტრანსპორტის სისტემა, საცალო გაყიდვები, არასენციალური სავაჭრო ობიექტები, სატრენაჟორო სივრცეები. რომელ მათგანს შეეხება არ ვიცით. ეს არის იმისთვის, რომ პიკური სიტუაცია გადავიყვანოთ პლატოში, რომ ქვეყანაში არ იყოს ექსპონეციალური ზრდა, როცა ყოველდღიურად ათასობით დაავადებულ ადამიანს ვღებულობთ, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, სრული ლოკდაუნი არ იგეგმება და ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა მოცემულ სიტუაციასთან არის შეუსაბამო.

ამასთან, კულუმბეგოვი იმ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა, პაციენტების რაოდენობასა და ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობების კრიტიკულ შეუსაბამობაში გამოვლინდეს.

„საფრთხე არის, როცა ჩვენ შესაძლოა, კრიტიკულ შეუსაბამობაში აღმოვჩნდეთ პაციენტების რაოდენობასა და ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობებს შორის. ამ ზღვარში არ უნდა ჩავვარდეთ. ადამიანებს ვისაც დასჭირდება ჟანგბადი, ან სარეანიმაციო საწოლი, ისინი ამ სერვისს ვერ მიიღებენ და სახლში დაიღუპებიან. ჩვენ ამის უფლებას ვერ მივცემთ, ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს, როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, მიმდინარეობს მსჯელობა და შესაბამისი ინტრასტრუქტურის შეძენა იგეგმება.

„ვაქცინები მსოფლიოში, რასაკვირველია, პრობლემაა. ორი-სამი ვაქცინაა ძალიან პერსპექტიულად და სიმპატიურად გამოიყურება, ვნახოთ როგორ იქნება, სახელმწიფო ამაზე ფიქრობს, არის მსჯელობა. იქნება სპეციალური სამაცივრე სისტემები შესყიდული, პირველად იქნება უფრო სამედიცინო სექტორის აცრაზე საუბარი და, ალბათ, ეს უფრო მომავალი წლის თემაა, თქვენ იცით, რომ მსოფლიოშიც არაა ჯერ ხელმისაწვდომი“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.