ბიძინა კულუმბეგოვი - ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ ვაქცინა არის მედიკამენტი და მასაც შეიძლება, ჰქონდეს გვერდითი მოვლენა, მაგრამ რისკი სარგებელს ვერ გადაწონის
ბიძინა კულუმბეგოვი - ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ ვაქცინა არის მედიკამენტი და მასაც შეიძლება, ჰქონდეს გვერდითი მოვლენა, მაგრამ რისკი სარგებელს ვერ გადაწონის

იმ ხალხს, რომელიც ვაქცინაციაზე უარს აცხადებს, მე ანტივაქსერებს ვერ დავუძახებ, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„საქართველოში ანტივაქსერები ძალიან ცოტაა. აქ ანტივაქსერული მოძრაობა არ არის. ლაპარაკია კონკრეტულ, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაზე, სადაც სკეპტიკურობა ცოტა მაღალია, რადგან ეს ვაქცინები დროის მცირე მონაკვეთში შეიქმნა. ამიტომ, იმ ხალხს, რომელიც ვაქცინაციაზე უარს აცხადებს, მე ანტივაქსერებს ვერ დავუძახებ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა. 

მისი თქმით, თუ სამედიცინო პერსონალი მაგალითს აჩვენებს, რომ მათ შეუძლიათ, ვაქცინაციის საკითხში პირველები იყვნენ და ლოკომოტივის როლი ითამაშონ, ეს ძალიან ღირსეული ნაბიჯი იქნება.

„წელს გრიპის ვაქცინა სამედიცინო სფეროს 70%-მა ექიმმა და მედიკოსმა გაიკეთა, როცა წინა წელს საშუალოდ, 30%-ს არ აღემატებოდა. ეს საზოგადოებისთვის იქნება კიდევ ერთი რწმუნება, რომ ვაქცინა არის ეფექტური და უსაფრთხო. კარგი იქნება, თუ სახელმწიფოსაც სწორი, უფრო აქტიური პოლიტიკა ექნება. ჩვენ ადამიანებს უნდა ვანახოთ, რას ნიშნავს ეს ვაქცინა, როგორ მოდის, როგორ მზადდება, რა გზას გადის, ვიდრე ჩვენამდე მოაღწევს და რა გზას გადის თუნდაც მას შემდეგ, რაც ჩვენ ორგანიზმში მოხვდება. ეს პროპაგანდა უნდა დადიოდეს რაც შეიძლება, ხშირად და ჩვენ მაქსიმუმს უნდა ვაკეთებდეთ, რათა ადამიანებს ვუთხრათ, რომ ვაქცინა არის მედიკამენტი და მასაც შეიძლება, ჰქონდეს გვერდითი მოვლენა, მაგრამ მისი სიკეთე და სარგებელი იმდენად დიდია, რომ რისკი, რაც შეიძლება, იშვიათ შემთხვევაში იყოს, იმ სიკეთეს ვერ გადაწონის, რაც ვაქცინამ შეიძლება, მთელ პლანეტას მოუტანოს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.