ბიძინა კულუმბეგოვი - ძალიან პერსპექტიულად გამოიყურება ჩინური ტრადიციული მეთოდით გააქტიურებული „სინოვაკის“ ვაქცინა, რომელსაც თურქეთი და აზერბაიჯანი უკვე იყენებენ
ბიძინა კულუმბეგოვი - ძალიან პერსპექტიულად გამოიყურება ჩინური ტრადიციული მეთოდით გააქტიურებული „სინოვაკის“ ვაქცინა, რომელსაც თურქეთი და აზერბაიჯანი უკვე იყენებენ

ძალიან პერსპექტიულად გამოიყურება ჩინური ტრადიციული მეთოდით გააქტიურებული „სინოვაკის“ ვაქცინა, რომელსაც ჩვენი ორი მეზობელი სახელმწიფო, თურქეთი და აზერბაიჯანი უკვე იყენებს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერჯერობით, მას არ აქვს ჯანმო-ს აღიარება, მაგრამ რამდენიმე თვეში ექნება. ამიტომ, საქართველომ თადარიგი უნდა დაიჭიროს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ამ განცხადებით ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რომელი ვაქცინის მისაღებად უნდა გააქტიურდეს მთავრობა და როგორი იქნება მისი რჩევა.

მისი თქმით, ჩინეთში სამი პერსპექტიული ვაქცინა იქმნება – „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „კანსინოსი“.

„ესენი ყველა განსახილველი და სამუშაო თემებია. აქ არის პეკინის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, ცალკეა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი და ცალკეა ჩინეთის სამედიცინო აკადემიის ინსტიტუტი, რომელსაც ასევე ცილოვან ფუძეზე დაფუძნებული ვაქცინა აქვს. ჩინეთი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, სერიოზული ბაზარია, რადგან მათ დიდი ეპიდემიური აფეთქება არ აქვთ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, ჩინეთი ბიოტექნოლოგიურ მეცნიერებებში არ ჩამორჩება და ამიტომ, საქართველომ სწორი სტრატეგიული გეგმით უნდა იმუშაოს.

„თუ ჩვენ მიზნად მაინცდამაინც იმას დავისახავთ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა უნდა გვქონდეს და სხვას არ მივეკარებით, შეიძლება, ვაქცინაცია 2023 წლამდე ვერ დავამთავროთ, რაც ძალიან დიდი შეცდომა იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ხელისუფლებას გონიერება ეყოფა და წინასწარი მოლაპარაკებები გააქტიურდება, რაც საშუალებას მოგვცემს, ამ ვაქცინების აღიარებისა და დადასტურების შემდეგ ისინი ქვეყანაში სწრაფად იქნას შემოტანილი“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, ასევე პერსპექტიული ვაქცინაა „ნოვა ვაქსი“, რომელსაც ინდოეთის სერომის ინსტიტუტი დაამზადებს.

„სერომის ინსტიტუტი თითქმის, ერთ მილიარდ დოზას დაამზადებს და მას აქვს შესაძლებლობა, ის კერძო მოლაპარაკებითაც გაყიდოს. „კოვაქსისადმი“ ვალდებულება 300 მილიონი აქვს და დანარჩენი შეიძლება, პირდაპირ გაყიდოს. ამიტომ, საქართველო უკვე თადარიგში უნდა იყოს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, არის ბევრი პერსპექტიული ვაქცინა, რომლებიც მარეგულირებლების მიერ აღიარების რიგში დგანან და მათი კვლევები დასრულების ფაზაშია.

კულუმბეგოვმა ასევე აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოში არის ვაქცინებისადმი დამოკიდებულება, გამალებული ომია და ამიტომ, მათი მოპოვება მარტივი არ არის.

„ქვეყნები ცდილობენ მსოფლიო ბაზარზე თავისუფალი ვაქცინების მოპოვებას და ამიტომ, ჩვენ თუ დღესვე არ ჩავერთეთ, წინასწარი გადასახადი არ გადავიხადეთ და მოლაპარაკება არ ვაწარმოეთ, მოვა ზაფხული და კიდევ „კოვაქსის“ ერთეული დოზების იმედად ვიქნებით. ამიტომ, მინდა, ამისთვის ხელისუფლებამ მაქსიმალური გააკეთოს, რომ წლის ბოლომდე ეროვნული გეგმა თუ 100%-ით არა, 90%-ით მაინც შევასრულოთ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.