ბიძინა კულუმბეგოვი - ჩვენს ქვეყანაში ტესტები იქნება სწორი კრიტერიუმებით, ექიმის დანიშნულებით და არა ისე, რომ ადამიანმა ინდივიდუალურად გაიკეთოს
ბიძინა კულუმბეგოვი - ჩვენს ქვეყანაში ტესტები იქნება სწორი კრიტერიუმებით, ექიმის დანიშნულებით და არა ისე, რომ ადამიანმა ინდივიდუალურად გაიკეთოს

ჩვენს ქვეყანაში ტესტები იქნება ძალიან სწორი და გათვლილი კრიტერიუმებით, ექიმის დანიშნულებით, და არა ისე, რომ ადამიანმა ინდივიდუალურად გაიკეთოს, – ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისი თქმით, ტესტების საკითხზე მოსახლეობა ძალიან ღელავს და აქვს მოლოდინი.

„როგორც დღეს სახელმწიფოს უმაღლესი რანგის პირებმა ჩვენ გაგვაცნეს, და ნამდვილად მისაღებია ეს ინფორმაცია, ყველაფერი კეთდება ამისთვის, რომ დაახლოებით ერთი კვირის ფარგლებში მოხდეს ტესტებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა. სამედიცინო ნაწილი ჩაერევა იმ თვალსაზრისით, რომ იქნება ზუსტი კრიტერიუმები, თუ ვის და როგორ უნდა გაუკეთდეს ეს ტესტირება. მეც მაქვს ბევრ ადამიანთან შეხება, თუნდაც დისტანციურად, როდესაც სხვა, სრულიად აუხსნელი სიმპტომებით, იგივე ალერგიის ჩივილებით მეუბნებიან, რომ იყოს შესაძლებლობა, მზად არიან გაიკეთონ კორონავირუსზე ტესტირება. ამის რესურსი დღეს ჩვენს ქვეყანას არ აქვს. შეიძლება ამას აკეთებს ძალიან მდიდარი ქვეყანა – კორეა, რომელსაც აქვს  უზარმაზარი რესურსები. ჩვენს ქვეყანაში ტესტები იქნება, მაგრამ ეს ტესტები ჩატარდება ძალიან სწორი და გათვლილი კრიტერიუმებით, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და არა ისე, რომ ადამიანმა ინდივიდუალურად გაიკეთოს.

ამიტომ, ამის სწორი დარეგულირება, კარანტინის, თვითიზოლაციის, ქვეყნის მიერ განხორციელებული ღონისძიებების პირნათლად შესრულება, არის იმის გარანტია, რომ ჩვენ ამ გადაცემის ჯაჭვს ნამდვილად გავწყვეტთ და დაახლოებით რამდენიმე კვირაში თუ არა, რამდენიმე თვეში ეს ინფექცია ჩადგება კალაპოტში“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.